ახალი ამბები

ბათუმში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი მანდარინის რთველს კოორდინაციას გაუწევს

23 ნოემბერი, 2014 •
ბათუმში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი მანდარინის რთველს კოორდინაციას გაუწევს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.ბათუმში  საკოორდინაციო შტაბი დღეს ამოქმედდა.

 

სამინისტროს ცნობით, კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მათ ასევე ექნებათ საშუალება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს, აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის პროგრამაში უკვე ჩაერთო სამი კომპანია: შპს „GIAM group”, შპს TCF Georgia”. სააქციო საზოგადოება „ქობულეთის ჩაი“ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის მიღებას 24 ნოემბრიდან დაიწყებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, მანდარინის  რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი  2 000 000  ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

მანდარინი
მანდარინი

მასალების გადაბეჭდვის წესი