ახალი ამბები

“ოცნება” არჩევნებში პატიმრების ახლობლების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს – ბოკერია

4 ივნისი, 2019 •
“ოცნება” არჩევნებში პატიმრების ახლობლების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს – ბოკერია

ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის წევრებმა, გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, “ქართული ოცნება”, ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა, კერძოდ, ოქროყანაში 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია ჰპირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ.

ბოკერიას თქმით, მათ სოლოლაკშიც აქვს ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულის მეგობრებს აიძულებენ ხმების მობილიზებას, სანაცვლოდ კი მეგობრის გათავისუფლებას ჰპირდებიან.

ბოკერიამ სახელები და გვარებიც დაასახელა.

“პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გააფრთხილეს – იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში”, – აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

“შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით.

გიგა ბოკერია მოუწოდებს შსს-ს და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარი ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი