ახალი ამბები

განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა – პროექტის ღირებულებამ 85 მლნ ლარი შეადგინა

3 ივნისი, 2019 •
განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა – პროექტის ღირებულებამ 85 მლნ ლარი შეადგინა

პროექტ “ახალი ტფილისის” მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

განახლებული ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

თავის გამოსვლაში თბილისის მერმა თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებს, ასევე, თქვა, ამაყია იყოს იმ გუნდის წევრი, რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილია.

“ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს უკვე ყველასთვის გასაგებია, რატომ გადავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორბელიანების სასახლეში.

“თუ კიდევ ვინმე იკითხავს,  რატომ გადმოვედი ამ სასახლეში, შეუძლია ნახოს, როგორია ეს უბანი და უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის სასახლე აქ. ძალიან ბედნიერი ვარ მეყვავილეების გამო, რომლებიც წუხდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, მათი ადგილი რეაბილიტაციის შემდეგ აქ აღარ ყოფილიყო, მაგრამ მათთვის ულამაზესი სავაჭრო ადგილი მოწყობილია. ეს უბანი სულ ყვავილებით იქნება მორთული და ამითაც იქნება გამორჩეული“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და თბილისის მერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალ წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები; 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია; ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია; ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა; 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა.

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 85 მლნ ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი