ახალი ამბები

სააპელაციოს განაჩენი საშუალებას გვაძლევს, თავიდან წავიკითხოთ საქმის გარემოებები – გახარია

3 ივნისი, 2019 •
სააპელაციოს განაჩენი საშუალებას გვაძლევს, თავიდან წავიკითხოთ საქმის გარემოებები – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი განაჩენი შსს-ს საშუალებას აძლევს, “გამოყოფილი საქმის ფარგლებში, თავიდან წაიკითხოს საქმის გარემოებები”.

გახარიას თქმით, როდესაც საუბარია გამოძიების გაჭიანურებაზე, ყურადღება გასამახვილებელია საქმის სირთულეზე.

“ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში წლობით იყოს. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული. ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და, რა თქმა უნდა, ვიმოქედებთ ძალიან სწრაფად, ვინაიდან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა დააყენოს“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის სააპელაციომ სასამართლომ 3 ივნისს ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა დავით სარალიძე. წინა ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იყო მსჯავრდებული.

სასამართლოს მიხედვით, უცნობია, ვინ არის მეორე მკვლელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

რაც შეეხება მეორე არასრულწოვნის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს სასჯელი 11 წელსა და 3 თვემდე გაუზარდა.

ამავე თემაზე:

ხორავაზე მკვლელობის საქმე: რას ნიშნავს სააპელაციოს განაჩენი?

მასალების გადაბეჭდვის წესი