ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

22 ნოემბერი, 2014 •
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“სასჯელაღსრულების N8  დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით  მიმდინარე კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც  პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ქურდული ტრადიციების მატარებელი ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა, რათა გავლენის სფეროს გაფართოება ეცადათ. წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა, ნ.ნ-მ, გ.კ-მ, გ.ვ-მ და ბ.ო-მ, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა შიმშილობა და თვითდაზიანება და ამ პროცესში 39 მსჯავრდებულის ჩართვით, სცადეს გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე და შეექმნათ ილუზია, თითქოს მათი  უფლებები უხეშად ირღვევა. დაწესებულების სოციალური სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად, ოცდასამმა პატიმარმა შიმშილობა უკვე შეწყვიტა. აღნიშნული მსჯავრდებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კანონის შესაბამისად ხორციელდება. ფაქტის შესწავლაში ჩართულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადბაში.

 

ადვოკატის, მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა 25 წლის ბექამ თვითდაზიანება მიიღო. ბექა ახლა გლდანის მეშვიდე დაწესებულებაშია გადაყვანილი, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, საერთო ჯამში, 80 ნაკერი ადევს.

 

„მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში დაიწყო 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ის ბათუმში, №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განათავსეს სამარტოო საკანში, ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად ბორკილებს ადებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ არაადამიანური პირობების გამო იძულებული გახდა თვითდაზიანება მიეყენებინა. ამბობს, რომ ამ ფორმით ციხის ადმინისტრაცია აიძულა მისთვის ყურადღება მიექციათ, ის გადაიყვანეს ჯერ საავადმყოფოში, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ნაკერები აქვს, მათ შორის ყელის არეში”. 

 

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა ინფორმაცია გაავრცელა თბილისში, მერვე დაწესებულებაში პატიმრებზე არასათანადო მოპყრობის შესახებ.

 

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი