21 ნოემბერს სასტუმრო რედისონში შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან იზორიამ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია წარადგინა. პრეზენტაციისას იზორიამ აღნიშნა, რომ სტრატეგიის თანახმად, ძალადობის პრევენცია სამ მიმართულებას მოიცავს – ოჯახში, სკოლაში და ქუჩაში ძალადობას. სტრატეგიაში განსაზღვულია მიზეზები, რაც ძალადობას იწვევს, ესენია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე, ინტერნეტზე დამოკიდებულება და სხვა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიაში გაუთვალისწინებელია ისეთი ძალადობა, რომელიც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიმართ სიძულვილით იყოს მოტივირებული.
“ინტერპერსონალურ დონეზე ამ დანაშაულის განხილვა გამოიწვევს იმას, რომ მთლიანად კულტურულ ფონს მოვიტოვებთ მიღმა, რაც არაეფექტიანი იქნება”,- ამბობს ის.

იგივე შენიშვნა გამოთქვა “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა უშუალოდ დისკუსიის დროს:
“მე ვერ ვხედავ სექსუალური უმცირესობების და ლგბტ თემის მიმართ ძალადობასთან ბრძოლას. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მწვავე საკითხია და ამის გამოტოვება უბრალოდ დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად”.
ლევან იზორიას განმარტებით, სტრატეგიაში ეს საკითხი გათვალისწინებულია, რაც პრეზენტაციის სლაიდებზეც იყო ასახული, თუმცა მას ეს სლაიდი არ უჩვენებია და განაცხადა, რომ როდესაც სტრატეგიას არასამთავრობო ორგნიზაციებს გადაუგზავნიან, იქ შეეძლებათ ამ საკითხის ნახვა:
“სლაიდებზეც იყო ასახული, უბრალოდ, რაღაც მომენტებში რამდენიმე სლაიდი გამოვტოვე, შეიძლება იქ იყო. სტრატეგიაში- როგორც ცალკე მიმართულება- შეიძლება არ არის, მაგრამ როგორც პრობლემა არ იყოს [დაფიქსირებული], ასე არ არის. ამ პრობლემამ იმ სფეროებშიც შეიძლება იჩინოს თავი, რაც ჩვენ აღვნიშნეთ-ქუჩაში, უბანში, ოჯახში ან სკოლაში. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რაც პასუხობს თანასწორობის პრინციპს და არავის არ ვარჩევთ რაიმე ნიშნით. ცალკე გამოყოფაზე თუ რეკომენდაცია გვექნება, შევისწავლით”,- განაცხადა იზორიამ.
მეორე შენიშვნა ძალადობის პრევენციაში საეკლესიო პირების და პედაგოგების ჩართულობას უკავშირდებოდა. ლევან იზორიას განმარტებით, საეკლესიო პირების ასეთ მიზნებში ჩართვა საერთაშორისო პრაქტიკაა და იგი არ გულისხმობს კონკრეტული რელიგიის ქადაგებას. მისივე თქმით, საეკლესიო პირი სასკოლო პროცესში, როგორც მედიატორი, ჩაერთვება კონფლიქტურ სიტუაციებში.

ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ძალადობის პრევენციაში პედაგოგებისა და საეკლესიო პირების ჩართვის საკითხი კითხვებს აჩენს:
“კვლევებმა აჩვენა, რომ პედაგოგების ძალიან დიდი ნაწილი წინასწარგანწყობების და სექსისტური სტერეოტიპების მატარებელნი არიან. რაც შეეხება საეკლესიო პირებს, არაერთი სექსისტური და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები მოგვისმენია. ამ შემთხვევაში გარანტირებულად ვერ ვისაუბრებთ ამ ჯგუფებზე. მთავარი საფრთხედ ეს მიმაჩნია, რომ ადამინები, რომლებიც თვითონ არიან მატარებლნი და თვითონვე ავრცელებენ და ამკვიდრებენ ამ სტერეოტიპებს, მათ კიდევ მეტი ძალაუფლებები არ მიეცეთ”,- ამბობს ის.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”(EMC) მიერ ჩატარებული კვლევის “რელიგია საჯარო სკოლებში” თანახმად, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა, დადგინდა, რომ მასწავლებლები სკოლებში ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს ეწევიან, რის გამოც განსხვავებული რელიგიის მქონე მოსწავლეების უფლებები დაცული არ არის.
8 საჯარო სკოლის მონაცემების თანახმად, მასწავლებლები გამოთქვამდნენ ისეთ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებლობის პოპულარიზაცია მასწავლებლის ვალია.
“ჩვენ გვყავდა მუსლიმი მოსწავლე, სამართალს ვასწავლიდი მე მას…. იეღოველებიც გვყავს, სამწუხაროდ…. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია იეღოველი ქართველი იყოს”,- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.
იგივე პრობლემა ხაზგასმულია სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშშიც. მასში ნათქვამია, რომ განსხვავებული მრწამსის მქონე სკოლის მოსწავლეები დაუცველნი არიან როგორც ფსიქოლოგიური და მორალური, ასევე, ფიზიკური ძალადობისგანაც.
როგორ მოხდება აღნიშნული პრობლემის მოგვარება, განათლების სამინისტროსგან პასუხი დამსწრეებს არ მოუსმენიათ, რადგან მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვედრას არ ესწრებოდა, იგი განათლების სტრატეგიის 10 -წლიანი გეგმის პრეზენტაციას მართავდა.
“ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ თანასწორობაა, თანასწრორია ცოლი და ქმარი. საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია,” – განაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ერთ-ერთი საკვირაო ქადაგების დროს.
ამავე ქადაგების ფარგლებში მან ქალებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდა:
“უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ადამიანის ბედნიერება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს”,- ამბობს ილია მეორე.
ნეტგაზეთის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მსგავსი მოსაზრებების მქონე საეკლესიო პირების ამ სტრატეგიაში ჩართვა, ლევან იზორიამ ასე უპასუხა:
“ეს წმინდა რელიგიური თემატიკაა, ახლა მე რელიგიის შეფასების უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. ყველა რელიგიას თავისი იერარქია, იერარქიულად ორგანიზებული სტრუქტურა და, შესაბამისად, თავისი ნორმები და ქცევის წესები აქვს. მე, როგორც მოქალაქე და მით უფრო როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ცალკეურ რელიგიებს შეფასებებს ნამდვილად ვერ მივცემ”, -განაცხადა მან.

სხვა შენიშვნები:
ზემოათ აღნიშნული ორი საკითხის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეკითხვები უკავშირდებოდა ბიუჯეტს, რომლის ოდენობა ამჟამად უცნობია. ორგანიზაცია “საფარის” იურისტი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ სტრატეგია ისეა შედგენილი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს, კარგად მუშაობს და მთავრი პრობლემები ახლა სხვა მიმართულებითაა:
“პოლიცია რომ კარგად მუშაობდეს, რაღა გვიჭრს, პოლიცია რომ [ქალთა მიმართ ძალადობის] პრობლემას სერიოზულად ეკიდებოდეს, ეს მნიშვნელოვნად შემცირებული იქნებოდა. ჩვენი პრობლემების ძალიან დიდი ნაწილი მოდის იქიდან, რომ შსს ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს. ეს გამოიხატება იმაში, რომ როცა მსხვერპლები მიდიან პოლიციაში, პოლიცია დამახინჯებით ადგენს ახსნა-განმარტებით ბარათებს, არ შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, არ წერს, რომ მსხვერპლი ცემეს, რომ ქალი მუდმივი, სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მიხედვით, შეუძლებელი ხდება რისკის ადეკვატურად გაანგარიშება.”- ამბობს პატარაია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგია აბსტრაქტულია და დაკონკრეტებას საჭიროებს. ანა არგანაშვილის განმარტებით, სტრატეგია იმდენად ზოგადია, რომ მის ეფექტურობაზე მსჯელობა წარმოუდგენელია.
“ჯერ უნდა გავიგოთ სად გვიჭირს, მე ვერ ვხედავ, ზუსტად სად არის ცვლილებები განსახორციელებელი. რის საფუძველზე განსაზღვრეს? სად არის მონაცემები? თუ ეს მონაცემი არ გვექნება, მაშინ ხუთი წლის შემდეგ მინიმალური ცვლილება ჩვენთვის იქნება საკმარისი. ჩვენ პრობლემის სიღრმის გაზომვით უნდა დავიწყოთ, ჩაეტარებიანათ ამ ინსტიტუტების, მათ შორის ოჯახში არსებული პრობლემის გამოკვლევა, ქუჩაში რომ შეურაცხყოფაა, ეს ხომ ჯერ არსად არ არის აღიარებული პირდაპირ. ასე არ იგეგმება სახელმწიფო სტრატეგია, ციფრები გვჭირდება”,- ამბობს ის.
სტრატეგიის სამუშაო ვერსია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში გადაეგზავნებათ და ორი კვირის ვადაში მათ რეკომენდაციები უნდა მოამზადონ. ამის შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელსაც პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს და, შესაბამისად, უკვე სამოქმედო გეგმა დამტკიცდება.




