ახალი ამბები

კაპანაძე: სააპელაციომ დაადასტურა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია

3 ივნისი, 2019 •
კაპანაძე: სააპელაციომ დაადასტურა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია

“ევროპული საქართველოს” დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის გარემოებები, რაც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა. კერძოდ, კაპანაძის თქმით, დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და თავისუფალია:

“მოვისმინეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დადასტურდა პრაქტიკულად ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულიად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა ის აბსურდული, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნდა ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში, ახლა კი, სააპელაციო დონეზე საჩივრის დროს.

როგორც ჩანს, სასამართლო მოერიდა იმ რისხვას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს შემდეგს, კომისიის დასკვნა არის ისევ რეველანტური, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები არის ისევ რეველანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლეობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათო სარალიძეს, არის თავისუფლებაზე და ეს ყველამ იცის. ამის შესახებ არის დასკვნები დადებული საპარლამენტო კომისიის მიერ და ეს დაადასტურა მეორე ინსტანციამ სასამართლოში”, – ამბობს კაპანაძე.

თბილისის სააპელაციომ სასამართლომ 3 ივნისს ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა დავით სარალიძე. წინა ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იყო მსჯავრდებული.

სასამართლოს მიხედვით, უცნობია, ვინ არის მეორე მკვლელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

რაც შეეხება მეორე არასრულწოვნის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს სასჯელი 11 წელსა და 3 თვემდე გაუზარდა.

სააპელაციო: დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა

მასალების გადაბეჭდვის წესი