“ყველა “რესპუბლიკელმა”, ვინც ვესწრებოდით ამ შეხვედრას და მე შემიძლია ვილაპარაკო ფრაქციის სახელითაც, მხარი დავუჭირეთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებებს, ჩვენი მიდგომით სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეთ, მეორე მიდგომით- ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ, რაც თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში”,–ამბობს დავით ბერძენიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა 21 ნოემბერს კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში გამართა. პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, უმრავლესობასმ მხარდაჭერა ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს გამოუცხადა.
პარლემენტში ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე ორი კანონპროექტს აქვს გავლილი რეგისტრაცია. ეკა ბესელიამ ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს.
პარალელურად არსებობს ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას გულისხმობს და მას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღებ შსს არ უნდა ფლობდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელის თანახმადაც, გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებოდა, 31 ოქტომბერს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება ე.წ. გასაღების ფლობის საკითხი.





