რომის პაპმა, კათოლიკური ეკლესიის სახელით, წარსულში დისკრიმინაციის გამო ბოშებს პატიება სთხოვა.
პაპი ფრანცისკე ბოშების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს რუმინეთში ვიზიტისას შეხვდა და ბოდიში მოუხადა “დისკრიმინაციის, სეგრეგაციისა და არასათანადო მოპყრობის გამო”, რაც ევროპაში ისტორიის განმავლობაში მათ მიმართ ხდებოდა.
“მე გთხოვთ პატიებას ყველა იმ დროისთვის ისტორიაში, როდესაც ჩვენ თქვენს დისკრიმინაციას ვეწეოდით, ცუდად გეპყრობოდით ან ალმაცერად გიყურებდით და ვერ გაფასებდით”, – მიმართა მან ბოშებს.
პაპმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბოშების მასობრივი დეპორტაციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი ბოროტება არ იყო უცხო ქრისტიანებისთვის, კათოლიკეების ჩათვლით.
ბოშები ევროპაში საუკუნეების განმავლობაში იდევნებოდნენ. ასობით ათასი ჰოლოკოსტს შეეწირა.