“პირველი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე. ის არგუმენტი, რომელიც მესმის ამ დისკუსიაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოღონდ არა გასაღები და სხვას ყველას ვისაც გინდათ, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია, სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაუქმოთ საერთოდ, რადგან თუ არ ენდობი ერთ ნაწილში ინსტიტუტს და ამბობ, რომ ლოგიკურად ეს გამოიწვევს უკანონობას, მაშინ, ბუნნებრივია, სხვა ნაწილშიც არ ენდობი და საერთოდ სისტემას არ ენდობი.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე მან ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს. პარალელურად არსებობს ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას გულისხმობს და მას კომუნიკაციები ეროვნული კომისია ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. “გასაღებს” შსს არ უნდა ფლობდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელის თანახმადაც, გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებოდა, 31 ოქტომბერს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება ე.წ. გასაღების ფლობის საკითხი.





