ინაშვილი: ტერმინი “ინტერპელაცია” შესაცვლელია – მოვიწვიოთ ენის სპეციალისტები

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ენის სპეციალისტების მიწვევას და ტერმინ “ინტერპელაციის” შესატყვისი ქართული სიტყვით ჩანაცვლებას ითხოვს.

სქემა, რომლის მიხედვითაც დღევანდელი სხდომა მიმდინარეობს, შესაცვლელია. ასევე, შესაცვლელია ტერმინი “ინტერპელაცია”. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ამ ტერმინით ვხელმძღვანელობთ, ბევრჯერ გამოვიყენე მეც და მინდა მოვუწოდო პარლამენტს, შევცვალოთ ეს ტერმინი. პარლამენტის წევრთა მოთხოვნას მთავრობისადმი, მიიღონ განმარტება კონკრეტულ კითხვაზე, ეს არის ინტერპელაცია. ჩვენ შეიძლება ამას ვუწოდოთ ან “განმარტებითი სხდომა” ან “განმარტებითი დისკუსია”. მოვიწვიოთ ქართული ენის სპეციალისტები და მათ შემოგვთავაზონ ტერმინი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ არ ვეცით პატივი ქართულ ენას, სხვამ ვინ უნდა სცეს?! პარლამენტში მიმდინარეობს ოფიციალური შეხვედრები ინგლისურ ენაზე, იქ ქართული ენა საერთოდ არ არის გამოყენებული და მინდა, რომ ეს პრაქტიკაც შეიცვალოს. ჩვენ საკუთარ ენას ვცეთ პატივი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას უსმენენ.

შეკითხვების რაოდენობის მიხედვით, პარლამენტის ბიურომ პროპორციულად შეამცირა ინტერპელაციით გათვალისწინებული დრო, რაც პლენარულ სხდომაზე კამათის საფუძველი გახდა.

ვრცლად:

ინტერპელაციის პროცედურა ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.