აღნიშნულის შესახებ მედიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.
“მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან აწარმოებდა გამოძიებას და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმ შეკითხვების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გაჩენილიყო შიდა გამოძიების მიმართ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს”, – განაცხადა კახიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 17 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 ნოემბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გარდა ამისა, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. გავრცლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.
“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრმა მედიასაშუალებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომლელშიც ამ საკითხზე შემდეგი რამ წერია:
“გამოძიებით დგინდება, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ერთ-ერთ საკანში განთავსებულ 6 მსჯავრდებულს დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები, რის შემდეგაც,მათი გადაყვანა მოხდა გონივრული განთავსების განყოფილებაში. ორი მათგანი (მ.ფ და მ.უ.) გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, იმუქრებოდნენ, რომ მიიყენებდნენ თვითდაზიანებებს, რაც განხორციელდა კიდეც ერთ-ერთის (მ.უ.) მიერ. ვინაიდან მსჯავრდებული აღელვებული იყო და არსებობდა თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, დაწესებულების თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალური საშუალების, კერძოდ, ხელბორკილის გამოყენების შესახებ როგორც მ.უ-ს, ისე მ.ფ-ს მიმართ, რომელიც ასევე აგრესიულად იქცეოდა. გადაწყვეტილება დადასტურებულია ოქმით. ამას გარდა, არსებობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საკანში განთავსებული მსჯავრდებულების სისხლში დაფიქსირებულია ალკოჰოლი”.
თუმცა სამინისტროს პრესცენტრმა განმარტა, რომ ეს ტექსტი ოფიციალური მედიარელიზის ნაწილი არ არის და ჟურნალისტებს სთხოვა, რომ მისი ტირაჟირება არ მოეხდინა.