შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბრის თვეში რეგისტრირებულია 2283 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 1555. პოლიციამ რეგისტრირებული დანაშაულის 68,11% გახსნა. შსს აცხადებს, რომ წინა წლის ოქტომბერში 17,94 %-ით მეტი დანაშაული დაფიქსირდა.
შსს-მ დღეს 2014 წლის პირველი 10 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 14369.
შსს-ც ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.
გაზეთ “ბათუმელების” მიერ მომზადებული მასალის მიხედვით გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის არაზუსტ სტატისტიკას ავრცელებს. “ბათუმელებმა” გამოარკვია, რომ 2013 და 2014 წლების პირველი 5 თვის სტატისტიკაში ვერ მოხვდა რიგი დანაშაულებისა, რომელთა შესახებ თავად შსს-ს ვებგვერდზე იყო ინფორმაცია გამოქვეყნებული.
