პირველკლასელებისათვის წითელი ყელსახვევების მოხვევის ფაქტზე სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ახალციხეში პირველკლასელებისათვის თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევების მოხვევის ფაქტზე განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

“მოვუწოდებთ სკოლის ყველა დირექტორს და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ახალციხეში, მეხუთე სკოლაში პირველკლასელებისათვის გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებს თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ.

როგორც გამოცემა წერს, ღონისძიება 27 მაისს გაიმართა. “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრისას კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და საბჭოთა სიმბოლიკასთან მოსწავლეების ჩაცმულობას კავშირი არ აქვს:

„აზრადაც არ მოგვსვლია, ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა, პეპლები და ფართუკები ხომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ.”

სკოლაში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ფაქტს სკოლის დირქტორიც უარყოფს: „რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება, დროშის ფერებში იყვენენ გამოწყობილი. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძება ჩაატარეს. როგორ კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა სცმოდათ, ეს ვიცოდი“ – აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევები საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სწორედ ასეთი უნიფორმები ეცვათ სსრკ-ში ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.