ახალი ამბები

წულუკიანი: ბრიუსელში ვიზიტისას თავდაცვის სამინისტროს საქმეზე კითხვა არ დასმულა

19 ნოემბერი, 2014 •
წულუკიანი: ბრიუსელში ვიზიტისას თავდაცვის სამინისტროს საქმეზე კითხვა არ დასმულა

თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით პრემიერ–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, ვიზიტის დასრულების შემდეგ  წულუკიანი პრაღაში, “რადიო თავისუფლებას” ესტუმრა:

 

“ბრიუსელში, სადაც მე ვიმყოფებოდი და ყველა მაღალი დონის შეხვედრას პრემიერ–მინისტრთან ერთად ვესწრებოდი, ეს განცდა [პოლიტიკური დევნის] დამძიმებული არ არის, აღქმაზე როდესაც იყო საუბარი, საუბარი იყო ისევ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნების და წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის საქმეებზე და თავდაცვის სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმის თუ საქმეების გარშემო, არც ერთ ამ შეხვედრაზე კითხვა არ დასმულა. საუბარი იყო ბატონი სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის და ისევ და ისევ აღქმაზე. იქ, სადაც მე ვიყავი, მაღალი დონის შეხვედრებზე, ევროკავშირში, ბრიუსელში არ ყოფილა ადრინდელი განწყობა დამძიმებული. რაც ადრე იყო, ახლაც ის მესიჯები მივიღეთ”,– განაცხადა თეა წულუკიანმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას

 

მისივე თქმით, დასავლეთში ეჭვი საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით არ არსებობს:

 

“დასავლეთში, საბედნიეროდ, ერთი მისხალითაც კი არ არის ეჭვი გაჩენილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დგას ევროპულ გზაზე და რომ ამ გზისთვის ორი წლის მანძილზე საქართველოს არ გადაუხვევია და პირიქით, მას ჭირდება უფრო მეტი ხელშეწყობა, რადგან სახეზეა რუსული საფრთხე, რომელიც უფრო და უფრო ევროკავშირის თვალში ძლიერდება. ისიც კი ითქვა, რომ საქართველო და ევროკავშირი უნდა დაეხმარონ ერთმანეთს იმაში, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს იმად, რაც არის, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში წარმატებული მაგალითი სახელმწიფოებრიობისა”,– ამბობს წულუკიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი