ახალი ამბები

მოხმარების შესამცირებლად ფასი თამბაქოს ყველა პროდუქციაზე უნდა გაიზარდოს – ზოიძე

31 მაისი, 2019 • 1946
მოხმარების შესამცირებლად ფასი თამბაქოს ყველა პროდუქციაზე უნდა გაიზარდოს – ზოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თამბაქოს ყველა პროდუქციაზე ფასი უნდა გაიზარდოს. დეპუტატის თქმით, ეს ერთადერთი ბარიერია იმისა, რომ მოხმარება შემცირდეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

სიგარეტების ფასის ზრდის შედეგად მომხმარებელთა ნაწილი თუთუნზე გადავიდა, რადგან მისი ფასი სიგარეტთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ნეტგაზეთმა აკაკი ზოიძეს ჰკითხა, იგეგმება თუ არა თუთუნის ფასის ზრდა უახლოეს მომავალში, რაზეც მან გვიპასუხა:

თუთუნზე რომ გადავიდნენ, ეს არის პრობლემა სწორედ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. პირველი ეტაპზე რა საკითხსაც დავაყენებთ, ის არის, რომ რაც აქციზია, ისიც ირღვევა – ის უნდა ამოვიღოთ. ჩემი აზრი ათასჯერ მაქვს დაფიქსირებული – ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ფასი თამბაქოს ყველა პროდუქციაზე, როგორც ეს არის ევროინტეგრაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ფასი არის ერთადერთი ბარიერი. ამ ეტაპზე საუბარია, რომ უკანონო და უაქციზო სიგარეტი არ უნდა გაიყიდოს”.

1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” დღედ გამოაცხადა, რასაც საქართველოც მრავალი წელია შუერთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს, 31 მაისს, აღნიშნული დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნეს სასტუმრო “სტამბაში”, სადაც ღონისძიების მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

2019 წლის ძირითადი თემაა “თამბაქო და ფილტვის დაავადებები”

დღევანდელ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა.

სტატისტიკის მიხედვით, თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 1 მილიონი არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო.

ამავე სტატისტიკით, თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის გათვლებით, თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; მათივე გათვლებით, თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განხილური საკითხები

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის მდგომარეობა 2018 წლის პირველი მაისიდან დღემდე, თამბაქოსთვის თავის დანებების ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიისა და მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის  სახელმძღვანელო, მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის ინიციატივები, თამბაქოს კონტროლის 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

  • დამატებით, ღონისძიებაზე შედგა 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია.

მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი “თამბაქოს კონტროლი”, რომლითაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ, ასევე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც კანონდარღვევას ხედავთ, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დაანებოთ მოწევას თავი.

კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ მიმართოთ 112-ს. ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ 112-თან დაკავშირება ახლა კიდევ უფრო მარტივია მობილური აპლიკაციის საშუალებით. აპლიკაციას აქვს როგორც ზარის განხორციელების, ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). თუ გსურთ დარჩეთ ანონიმური, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ოპერატორს.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რის შედეგადაც, საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

მონიტორინგის შედეგებით, 2018 წლის პირველი მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს. შედეგების მიხედვით, აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.

მსოფლიო თამბაქოს გარეშე – თბილისში გამართული ღონისძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი