“განხილვის შემდეგ ნდობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ მივმართავთ პრემიერ–მინისტრს ამ ხელშეკრულებისა და შესაბამამისი მასალების ნაწილობრივ გასაჯაროების შესახებ და შემდგომ დაველოდებით პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებას”,– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრია.
ნდობის ჯგუფის შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის შესახებ იმსჯელეს, რომელიც “სილქნეტთან” დაკავშირებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებიც განიხილეს, რომლებიც, თავდაცვის სამინისტროს გარდა, შს სამინისტროს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ და სახელმწიფო სპეციალური დაცვის ფინანსურ მასალებსაც უკავშირდება.
ნდობის ჯგუფი პრემიერ–მინისტრს დღესვე მიმართავს. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, რეგლამენტით გაწერილი არ არის, დროის რა პერიოდში უნდა მიიღოს პრემიერ–მინისტრმა გადაწყვეტილება.
“მართლაც ჩაითვალა, რომ არის აბსოლუტურად ისეთი თემები, რომელსაც მე, სიმართლე გითხრათ, არც მესმის, რატომ ადევს ამ შემთხვევაში გრიფი საიდუმლო. არა მარტო ამ თემას, ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი სხვადასხვა უწყებაში და, როგორც ჩანს, ძალიან მოდაში იყო და ხშირად ბევრს ჭირდებოდა ალბათ, რომ ბევრ თემას ქონოდა გრიფი საიდუმლო. მინდა გითხრათ, რომ ის, რაც ხდებოდა და ის, რაც ვნახე იგივე 2011, 2012, 2013 წლებში, აქ სისხლის სამართლის საქმე კი არა, ძალიან სერიოზული საკითხები უნდა იყოს წამოწეული და ძალიან ბევრს ექნება პასუხი გასაცემი”,–განაცხადა საგანელიძემ.





