ახალი ამბები

კახიშვილი: სისტემის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტება მკაცრად დაისჯება

19 ნოემბერი, 2014 • • 1003
კახიშვილი: სისტემის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტება მკაცრად დაისჯება

” 12 რიცხვში ხდება შესაძლო დანაშაულზე საუბარი და ჩვენთან შეტყობინება პრესით მოდის 19–ში, მოკლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისთვის, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხის წარმოშობის მექანიზმის დადგენისთვის და სიმძიმის ხარისხის დადგენისთვის დროული ექსპერტიზის ჩატარება. ამიტომ დღეს გართულებულია, და ეს გართულებული რომ არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ, მივიდეთ და გავარკვიოთ ყველაფერი, ჩვენც ამისთვის მზად ვართ. მინისტრი პირადად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, კონტროლზე აქვს ეს საქმე აყვანილი და გარწმუნებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სისტემის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს გადამეტების ფაქტს, დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრი”,– განაცხადა კახიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

 

საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 17 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.

 

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  12 ნოემბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გარდა ამისა, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. გავრცლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.

 

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი