ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სად წავიდნენ ქალები და უმცირესობები სომხეთის რევოლუციიდან 1 წლის შემდეგ

31 მაისი, 2019 • 3288
სად წავიდნენ ქალები და უმცირესობები სომხეთის რევოლუციიდან 1 წლის შემდეგ

1 წლის წინ, როცა სომხეთის დედაქალაქის ქუჩები ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა, პროტესტის მონაწილეებისა თუ მათი ლიდერების რიგებში ქალთა აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, რაც სამომავლოდ ამ კუთხით დადებითი ცვლილებების იმედს აჩენდა. რევოლუციას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ჯგუფებიც, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მათი საზოგადოებრივი და უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. ბრძოლა სხვადასხვა სივრცესა და ფორმატში დღესაც გრძელდება.

“ადამიანი უნდა იყოს ნომერ პირველი ღირებულება ამ ქვეყნისთვის, მისი ინდივიდუალური ხასიათის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური ხედვის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად. ადამიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფასეულობა სომხეთში”, – სიტყვები სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის ამჟამინდელ მინისტრს, ზარუჰი ბათოიანს ეკუთვნის. აღნიშნული მიმართვა, რომელიც ერთ-ერთი იყო ქვეყნის კონსერვატიულ საზოგადოებაში ცვლილებათა პროცესის დაწყებისადმი იმედის მომცემი გზავნილებიდან, მან სარგსიანის მმართველობის დასრულებამდე, დემონსტრაციაზე გაახმიანა.

დღეს ის ერთადერთი ქალი მინისტრია ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში. რევოლუციის პროცესში ქალთა მონაწილეობის მასშტაბების შემყურეთ, შესაძლოა, იმედი გაუცრუოს აღნიშნულმა მაჩვენებელმა და სამართლიანადაც. მით უმეტეს, მაშინ, როცა ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა ქალების სათანადო წარმომადგენლობას პოლიტიკაში.

რევოლუციაში ქალების როლსა და პოლიტიკაში მათ შემდგომ ჩართულობაზე, პროცესებიდან 1 წლისთავზე, თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ბიუროს ოფისში გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება ანნა დავთიან-გევორგიანმა გაამახვილა, რომელიც სომხეთის “ცივილიზაციისა და კულტურის ცენტრს” წარმოადგენს.

ანნა-დავითიან-გევორგიანი; ფოტო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ბიურო, 2019

“დღეს დეპუტატი ქალები სომხეთის პარლამენტში უფრო მეტს ლაპარაკობენ ქალთა უფლებებზე, ვიდრე იმაზე, თუ როგორ კარგად ახვევენ ტოლმას, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში ხდებოდა”, – აღნიშნა მან დისკუსიისას. “ნეტგაზეთთან” საუბრისას კი დასძინა, რომ ამ კუთხით ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ვინაიდან  პოსტრევოლუციურ სომხეთში საკითხები, როგორიცაა ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში და თანასწორობა, აღარ წარმოადგენს ფორმალური, ყალბი დისკუსიების საგანს.

“ქალთა ჩართულობა სომხეთის რევოლუციაში მართლაც უზარმაზარი იყო და ისინი არც შემდეგ გამქრალა. ამჟამად მთავრობაში მხოლოდ 1 ქალია, პარლამენტში კი ქალების ხვედრითი წილი – 25%. მაგრამ, ქალების გავლენა პოლიტიკურ დისკურსზე ძალიან დიდია სომხეთში. აქტიური ქალები, რომლებიც რევოლუციაში მონაწილეობდნენ,  შემდეგაც აქტიურები დარჩნენ.

ისინი აქტიურობენ საზოგადოებრივ სივრცეში, აკრიტიკებენ მთავრობას პარლამენტში და, რაც მნიშვნელოვანია, ქალები და კაცები საკანონმდებლო ორგანოში, განსაკუთრებით ბლოკ “ჩემი ნაბიჯის” წარმომადგენლები, ხელს უწყობენ ქალთა გაძლიერებას და ხშირად საუბრობენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე. მანამდე ასეთი დებატი არ გვქონია, ან თუ გვქონდა, ეს იყო ყალბი დისკუსია”, – აღნიშნავს ის.

ის, რომ კანონმდებელთა 25% ქალია,  კვოტების სისტემის დამსახურებაცაა, რომელიც სომხეთში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. დროთა განმავლობაში ის გაიზარდა, თუმცა ქალთა ჩართულობაზე მომუშავეთა ნაწილი, მათ შორის, ანა დავთიან-გევორგიანი, კვოტის კიდევ უფრო გაზრდას ემხრობა. მაგრამ აღნიშნავს ერთ დეტალს:

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალების[ჩართულობის] ხარისხი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ოდენობა. ხარისხში ვგულისხმობ ქალების აღქმას, მათი პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობას. ამიტომაცაა, რომ ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, მომავალში უკეთესი გარემო გვექნება”.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა არ არის ერთადერთი გამოწვევა, რომლის პირისპირაც სახელმწიფო დგას ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით: Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, 2018 წლის პირველ 5 თვეში ქალთა წინააღმდეგ 864 ინციდენტი აღირიცხა, აქედან 223 ოჯახში ძალადობის შემთხვევა იყო. ორგანიზაცია მთავრობის მიერ ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს ხარვეზებსაც და სომხეთის მთავრობას მოუწოდებს, მეტი იმუშაოს ინფორმირებულობის გაზრდაზე როგორც ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ისე საზოგადოების სხვა წევრებთან.

HRW-სა თუ სხვა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში სომხეთის ხელისუფლებას ასევე არაერთგზის მიუთითებენ, სათანადო ყურადღება დაუთმოს ლგბტ ადამიანების მდგომარეობას ქვეყანაში.

განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ხავერდოვან რევოლუციაში პერმანენტულად მონაწილეობდნენ. არაერთ მათგანს იმედი ჰქონდა, რომ ჰომოფობიური გარემო უკეთესობისკენ შეიცვლებოდა კონსერვატიულ, თუმცა იმ დროისათვის კონსოლიდირებულ საზოგადოებაში, რომელიც სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა.

“პირველად ათასობით ადამიანი იყო გამოსული რესპუბლიკის მოედანზე და ითქვა სიტყვა[ტერმინი] “სექსუალური ორიენტაცია”. ეს პატარა გამარჯვებას ჰგავდა”, – ციტირებს EVN Report რიმა სარდარიანს, 24 წლის აქტივისტს, რომელმაც გაიხსენა შრომის ამჟამინდელი მინისტრის ზემოთ ხსენებული მიმართვა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ხალხი რევოლუციის დროს უფრო გახსნილი იყო ლგბტ ადამიანების მიმართ, ტრანსგენდერი ადამიანები ქუჩაში იმ ჩაცმულობით გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, რომელიც თავად მოსწონდათ, სხვები კი აგრესიისაგან იცავდნენ მათ.

“იგივე ადამიანები, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულნი იდგნენ და იცოდნენ, რომ ხელს გეი, ლესბოსელ ან ტრანსგენდერ ადამიანს სჭიდებდნენ, [რევოლუციის შემდეგ] რუტინას დაუბრუნდნენ და სიძულვილის პროცესში მონაწილება განაგრძეს”, – აცხადებს მამიკონ ჰოვსეპიანი, სომხეთის წამყვანი ლგბტ ორგანიზაციის, “ვარდისფერი სომხეთის” აღმასრულებელი დირექტორი Reuters-თან საუბრისას.

პოსტრევოლუციურ სომხეთში ლგბტ ადამიანების საკითხი იქცა როგორც უწინდელზე მეტად ფართო განხილვის, ასევე, არაერთგზის მანიპულაციის საგნად, რაც არც იქამდე იყო უცხო: ოპოზიციის ნაწილმა სომხეთში ისედაც არარსებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა მოითხოვა, სერჟ სარგსიანის პარტიამ “გეი პროპაგანდის” აკრძალვა, გაურკვეველმა ჯგუფმა კი ლგბტ ორგანიზაციების სახელით “ერევნის პრაიდიც” დააანონსა.

ბოლო შემთხვევა, როცა საკითხმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ტრანსგენდერი ქალის, ლილიტ მარტინოსიანის გამოსვლა იყო სომხეთის პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ სიტყვა “ისტორიულად” შეფასდა, თუმცა მრავალი მუქარის საფუძვლად იქცა როგორც თავად მარტინოსიანის, ისე მისი ორგანიზაციის მიმართ, დაწყებული ლგბტ ადამიანების ქვეყნიდან გაძევებით, დამთავრებული, მათი “ცოცხლად დაწვის” მოთხოვნით.

“ჩვენი პრინციპია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, ნებისმიერი სახის ძალადობა კი დაუშვებელია”, – უცხადებს “ნეტგაზეთს” მიკაელ ზოლიანი, ანალიტიკოსი და სომხეთის ეროვნული ასამბლეის წევრი ნიკოლ ფაშინიანის ალიანსიდან “ჩემი ნაბიჯი”. ის ასევე იყო მომხსენებელი ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე.

უშუალოდ ლილიტ მარტინოსიანის შემთხვევასთან დაკავშირებით ზოლიანი აღნიშავს, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც მსგავსი საკითხებით მანიპულირებენ და წინააღმდეგობის შექმნას ცდილობენ პოსტრევოლუციური ხელისუფლებისადმი. მისი თქმით, ეს ფაქტიც აღნიშნული პროცესის ნაწილია.

“ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც კონსერვატორი, პატრიარქალური საზოგადოებისთვის, გარკვეულ იდეებზე დათანხმება რთულია, ამიტომ გვჭირდება, დისკუსია გავმართოთ ამის შესახებ და ხელი შევუწყოთ ამ დისკუსიას. ჩვენ არ გვსურს, ვთქვათ რაიმეზე, რომ ეს სიმართლეა და მორჩა. ჩვენ ვცდილობთ, დავსვათ შეკითხვები და საზოგადოებამ ამაზე თავად უპასუხოს.

სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვყავს ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ, რათა ამჟამინდელი მთავრობისა და რეფორმების პროცესისადმი წინააღმდეგობა შექმნან და გზა გაუხსნან ძველ მთავრობას დასაბრუნებლად, ამ პროვოკაციების გზით. ის რეაქციები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, სწორედ ამ ჯგუფების პროვოკაციების შედეგი იყო. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და გავუმკლავდეთ აღნიშნულს”, – აცხადებს ის.

აღნიშნული მანიპულაციების ფონზე, ფაშინიანის მთავრობას საკითხთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია. პრემიერად არჩევის შემდეგ ფაშინიანი ლგბტ თემატიკას რამდენჯერმე მოკლედ შეეხო. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ამ საკითხს “ყველა მთავრობის თავის ტკივილი” უწოდა, ლილიტ მარტინოსიანის სიტყვის ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებს კი- “პროვოკაცია რევოლუციის წინააღმდეგ”.

ლგბტ აქტივისტებს არაერთგზის მოუწოდებიათ სახელმწიფოსთვის მეტი აქტიურობისაკენ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც პოსტრევოლუციური სომხეთის ხელისუფლებაში სამოქალაქო საზოგადოებიდან შევიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი