საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება.
ფეხბურთის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეები კი არიან პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.
ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება. მათ შორის:
ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.
უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი – კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი);
უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი – ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი);
მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი – ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი);
უეფას მედია კომიტეტის წევრი – ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი);
უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.