ახალი ამბები

ქალდანი “გასაღების” ინსპექტორის აპარატისთვის შესაძლო გადაცემაზე: ასეთი მარტივი არ არის

19 ნოემბერი, 2014 •
ქალდანი “გასაღების” ინსპექტორის აპარატისთვის შესაძლო გადაცემაზე: ასეთი მარტივი არ არის

კითხვას, არის თუ არა მზად ინსპექტორის აპარატი მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობის ასაღებასდ, ქალდანი ასე პასუხობს:


“ეს არ არის ასეთი მარტივი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენი ფუნქცია არის საზედამხედველო ფუნქცია და იმისთვის, რომ მაკონტროლებელმა შეძლოს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, ის არ უნდა იყოს პროცესის მონაწილე. აქედან გამომდინარე არსებობს გარკვეული საფრთხეები, გარკვეული პლუსები და ყველა ეს თემა უნდა იქნეს განხილული”, – ამბობს ქალდანი.


აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ეკა ბესელიას თქმით, იგი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელშიც “ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული, ზემოხსენებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს გააცნობს. პრეზიდენტის ვეტოს მიხედვით, პარლამენტმა 1 დეკემბრამდე უნდა გადაწყვიტოს ე.წ. გასაღების საკითხი, ანუ განსაზღვროს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

 

ის მოდელი, რომელიც ბესელიამ დაასახელა, წინააღმდეგობაში მოდის იმ სქემასთან, რომელსაც არასამთავრობოები ლობირებენ: “ორ გასაღებს”, რომელთაგან ერთი სასამართლოს, ხოლო მეორე პროვაიდერი კომპანიებს უნდა ჰქონდეთ. შსს-ს ე.წ. გასაღები დღევანდელი მდგომარეობითაც აქვს. ბესელიას, სესიაშვილის და ფოფხაძის შემოთავაზებით, მას ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც უნდა დაემატოს, რომელსაც 2015 წლიდან 28 თანამშრომელი ეყოლება. ამასთან, ქალდანს პოლიციის სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მონიტორინგი კანონით ისედაც ევალება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი