ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენ ვერ ვხედავთ შერიგებისკენ მიმართულ დამაჯერებელ ნაბიჯებს – ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან

30 მაისი, 2019 •
ჩვენ ვერ ვხედავთ შერიგებისკენ მიმართულ დამაჯერებელ ნაბიჯებს – ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან

ზარინა სანაკოევა, ჟურნალისტი, ცხინვალი


სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ურთიერთობები დღეს ისეთივეა, როგორც 10 წლის წინ იყო – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში. არც ამჟამად გვაქვს ურთიერთობები და ეს მდგომარეობა არის მხარეების სრულიად გაცნობიერებული არჩევანი და გადაწყვეტილება.

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზეა დამოკიდებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ “გაყინული კონფლიქტიდან” სარგებელს პოლიტიკოსები იღებენ. ეს კარგი ინსტრუმენტია როგორც შიდა, ასევე, საგარეო პოლიტიკის სამართავად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეკონომიკური კავშირებია. 2008 წელს დაწყებული საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი, რუსეთისა და ირანის მიმართ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური სანქციები, ჩვენს რეგიონში ეკონომიკური პროცესების განვითარებას ხელს ვერ უწყობს. საჭიროა პრაგმატულობა და იმის გააზრება, რომ ეკონომიკა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ანდა აიძულებს მტრულად განწყობილი ქვეყნების შერიგებას. დღეს ასეთი საჭიროება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს არ აქვთ, არ აქვთ საჭიროება ჩვენი რეგიონის უფრო მსხვილ მოთამაშეებსაც.

ლენინგორის რაიონის [ახალგორი] მაგალითზე ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ნახევრად არალეგალურად შემოდის საქართველოდან სამხრეთ ოსეთში. ეს არის ამ დროის საჭიროებები, რომლებსაც ადამიანები წყვეტენ და აგვარებენ.

სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად საქართველომ საკითხების რეალისტურად გადაჭრის სიმამაცე საკუთარ თავზე უნდა აიღოს. 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ შერიგებისკენ მიმართული დამაჯერებელი ნაბიჯები –  პირველ რიგში, არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც დიალოგის გაგრძელების მთავარი პირობაა. ისეთი პროგრამები, როგორიცაა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, საქართველოს “სამშვიდობო ინიციატივების პორტფოლიოს” წარმოადგენს მხოლოდ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად იწერება.

 

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი