საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს „ვუმღერ სამშობლოს“ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს. კონკურსის პირობების მიხედვით, მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კონკურსის თემატიკასთან შესაბამისი სიმღერა (არსებული ან სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი). 
 
კითხვაზე, რატომ გაჩნდა მსგავსი სახელწოდების კონკურსის ჩატარების იდეა და ხომ არ უწყობს ხელს ამ ტიპის კონკურსები ბავშვებში დაშტამპული აზროვნების განვითარებას [კონკურსის სახელწოდებამ საზოგადოების ნაწილში მსგავსი კითხვები გააჩინა], განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მიმართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო კვიტაიშვილი ამბობს:
 
”ვუმღერ სამშობლოს” –  სახელწოდება შეირჩა თემატიკიდან გამომდინარე, რადგან გვინდოდა წახალისებულიყო ბავშვების იდეა [ეს იდეა თავად ბავშვებში წარმოიშვა და მოვიდა ჩვენამდე], ემსახურება ერთი მხრივ, პატრიოტული გრძნობების განვითარებას მოზარდებაში და მეორე მხრივ, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას. ეროვნული სასწვლო გეგმის მოთხოვნებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში არის ჩანაწერი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების შესახებ. ამით სამშობლოს მისტიციზმის ცნების დატვირთვას არ ვაძლევთ. ეს გაიგივებულია სახელმწიფოებრიობასთან და იგივე გზა ევროპისკენ სწორედ ამ სახელმწიფოებრიობაზე გადის. თუ არ წარმოჩინდა მოსწავლეთა დამოკიდებულება საკუთარი  სახელმწიფოს, სამშობლოს მიმართ, ვერ იქნება ჩვენი ქვეყანა გაიგივებული ევროპულ სახელმწიფოსთან. თუ ვინმე ამ თემაზე ქილიკობს, ჩვენ არ მივიჩნევთ ამას საქილიკოს,”- ამბობს კვიტაიშვილი. 
 
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ ადრე გამოცხადებული კონკურსებიდან ერთ-ერთის სახელწოდება იყო “გზა ევროპისკენ.”

“პრინციპში, ის, რომ სახელმწიფო ცდილობს რაიმე პატრიოტული იდეები დაამკვიდროს, თავისთავად ცუდი არ არის. ასევე მგონია, რომ თუ მოსწავლეები კლიპებს იღებენ, თეორიულად არის შესაძლებლობა განავითარონ შემოქმედებითი აზროვნება. პრობლემად რჩება ის, თუ როგორ უნდა შეაფასონ ეს ნამუშევრები და რა იქნება შეფასების კრიტერიუმები. თუ ეს კრიტერიუმები მოსწავლეებისთვის წინასწარ არის ცნობილი, თუ ამ კრიტერიუმებში არის აქცენტი იმაზე თუ როგორ გამოხატავს მოსწავლე თავის შემოქმედებით მიდგომას და არა იმას, რამდენად ძლიერად უყვარს მას სამშობლო, შესაძლებელია ამ კონკურსისგან რაღაც ნორმალური გამოვიდეს. ცხადია, შეიძლება კონკურსმა გამოიწვიოს ისიც, რომ ბევრი ურაპატრიოტული კლიშეებით გაჯერებული კლიპი მივიღოთ, მაგრამ თუ ორგანიზატორი სწორად წარმართავს კონკურსის მსვლელობას, პირიქით განაწყობს მოსწავლეებს, რომ მაგალითად, რაღაც საქმის კეთება ითვლებოდეს სამშობლოსთვის გაწეულ გმირობად, ან სამოქალაქო აქტიურობა და ეს არ იქნება პოპულარული შეჯიბრი, როდესაც სკოლები მახინჯ ფორმებს იღებენ, მაშინ მისაღები იქნება,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სიმონ ჯანაშია, განათლების საკითხთა მკვლევარი.
 




Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *