ახალი ამბებისამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში ლონდა თოლორაია მონაწილეობს

30 მაისი, 2019 •
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში ლონდა თოლორაია მონაწილეობს

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია მონაწილეობს.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად თოლორაიამ დაუდასტურა.

“კონკურსში განცხადება ნამდვილად მაქვს შეტანილი, ვადასტურებ. მხოლოდ ეს ეტაპი მაქვს ჯერ გავლილი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ ნეტგაზეთთან საუბარში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

რამდენად მოახერხებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოსული კადრი ამავე უწყების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ გამოძიებას? ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.

“არანაირად არ მექნება. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ”, – აღნიშნა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიმდინარეობდა. განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპების შემდეგ, საკონკურსო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს, ასევე, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, პრემიერს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

კომისიის წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ არსებული კანდიდატებიდან კრიტერიუმებს რეალურად მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებს, თუმცა ჩვენთან არ ასახელებს, ლონდა თოლორაიაა თუ არა ეს კანდიდატი.

“ჩემი ინფორმაციით, სულ 48 განაცხადი იყო წარდგენილი. ამ 48 განაცხადიდან, სამდივნოს ცნობით, 39 განაცხადი არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. ცხადია, საბოლოოდ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენ ადამიანს გაესაუბრება, მაგრამ მე ვფიქრობ, დარჩენილი 9-კაციანი სიიდან მხოლოდ ერთი ადამიანი შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც პირველი ეტაპის გასავლელად არის საჭირო. ამიტომ მიმაჩნია, გასაუბრებაზე, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა ჩატარდეს, კომისია მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა გაესაუბროს, რადგან სხვები უბრალოდ ვერ აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სულხან სალაძემ.

სალაძემ კომისიას შესთავაზა, მინიმუმ კიდევ ერთი, კონკურენტუნარიანი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსი ჩატარდეს, იმის ნაცვლად, რომ კომისიამ პრემიერს ფორმალურად წარუდგინოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

“თუ კომისია დანარჩენი 47 კანდიდატიდან სხვებს მოიწვევს გასაუბრებაზე, ვფიქრობ, ეს იქნება  კონფლიქტში იმ  მოთხოვნებთან, რაც დაყენებული იყო კანონით. ვინაიდან თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ იმ ერთ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა იმსახურებდეს პრემიერისთვის წარდგენას, სხვა ფორმალური კანდიდატი  მივამატოთ ხელოვნურად. იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ამოქმედებაზე ვლაპარაკობთ, რომ კომისიას უნდა ჰქონდეს საშაულება, საუკეთესოები შეარჩიოს. დღეს არსებული განაცხადებიდან არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისიას ეს ფუფუნება ექნება”, – განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ თამარ ქალდანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 3 ივლისს ეწერება, კონკურსში არ მონაწილეობს.

პრემიერის განკარგულების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმი ასეთი იყო:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია აქვს.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის კონკურსში თამარ ქალდანი არ მონაწილეობს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი