ახალი ამბებისამართალი

პატიმარმა ქალმა პოლიციელების მხრიდან შესაძლო წამების გამო სტრასბურგს მიმართა

30 მაისი, 2019 •
პატიმარმა ქალმა პოლიციელების მხრიდან შესაძლო წამების გამო სტრასბურგს მიმართა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებული ქალის, ქეთევან ხმალაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 13 იანვარს ახალციხეში ქეთევან ხმალაძის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა იგი აწამეს და მის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა, თუმცა სახელმწიფო მას დაზარალებულად არ აღიარებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: მე-3, მე-6, მე-13 და მე-14. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, სახელმწიფომ ეფექტიანად ვერ უზრუნველყო გამოეძიებინა 2016 წელს ქეთევან ხმალაძის მიმართ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ჯანმრთელობაზე. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო პირის დაზარალებულად ცნობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სახელმწიფომ დღემდე ვერ შეიმუშავა ობიექტური გამოძიებისა და დაცვის მექანიზმი, რომლის მიზანი იქნებოდა წამების ეფექტიანი პრევენცია, მიუკერძოებელი გამოძიება და ეფექტიანი სამართლებრივი შედეგის დადგომა.

საქართველოს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშების თანახმად, 2015 წელს არსებითად გაზრდილია პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემთხვევები:

სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ სასტიკ ფიზიკურ ძალადობას ბრალის აღიარების მოტივით, არ ხდება სასჯელაღსრულებისა და პოლიციის განყოფილებებში ვიდეომონიტორინგი, ძალადობის მსხვერპლის ჩვენება კი არასაკმარისად მიიჩნევა იმისათვის, რომ პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. დაკავებული პირების წამება და მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის მანკიერი პრაქტიკა აღწერილია ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტურ ფილმში „სამართალდამრღვევი სამართალდამცველები”, ფილმში მასზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს მსჯავრდებული ქეთევან ხმალაძე”.

აღნიშნულ საჩივარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამებას, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც განხორციელდა სწორედ აღიარებითი ჩვენების მიღების მოტივით:

ქეთევან ხმალაძეზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პოლიციის ათეულობით თანამშრომელმა დაკავებისას განახორციელა დამამაცირებელი, ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასტიკი წამება”.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ასევე დაირღვა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციას. ქეთევან ხმალაძეს, როგორც ქალს, აყენებდნენ შეურაცხყოფას კაცი სამართალდამცველები, რაც არ იქნა გამოძიებული. მათ მიერ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები იყო შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი.

2019 წლის 23 მაისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მსხვერპლს საბოლოოდ ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო წამების მსხვერპლი ქალის დაზარალებულად ცნობა. საქმეში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წამების მსხვერპლმა გამოიყენა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა მექანიზმი გამოძიების ორგანოებისა და საერთო/რაიონული სასამართლეობის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი