სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  12 ნოემბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გარდა ამისა, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. გავრცლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.

 

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს. ასევე, სახალხო დამცველი მოითხოვს დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად და საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *