საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 29 მაისს უკრაინაში ჩაფრინდა. გუშინ, 28 მაისს მას უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.
აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და ჟურნალისტები დახვდნენ. როგორც თავად სააკაშვილმა განმარტა, ყველასგან მხოლოდ კეთილგანწყობას გრძნობს.
“ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია ამ ქვეყანაში. როგორც ჩანს, ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან. საერთოდ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო. აქაც სახლის განცდა მაქვს, როგორც ბევრ სხვა ქართველს. როგორც ამ ქვეყანაშიც არ მიშვებდნენ, ესეც ჩემი ქვეყანა… 12 წელი მაქვს გატარებული უკრაინაში შეგნებული ცხოვრების, ეს ძალიან ბევრია..”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და შედეგად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 2017 წლის ივლისში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რის შემდეგაც ის გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი).