საქართველოს ხელსუფლებას საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე შეახსენეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაასრულოს 2 წლის წინ დაწყებული გამოძიება.
დღეს, 29 მაისს, 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გამომძიებელი და ილჰამ ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გაიტაცეს. საქართველოს ხელისუფლება კი კვლავ აცხადებს, რომ “გამოძიება მიმდინარეობს”. მუხთარლი დღემდე იხდის სასჯელს აზერბაიჯანის ციხეში საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
მოქალაქეების მცირე ჯგუფმა, რომელსაც ძირითადად შეადგენდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ჟურნალისტები და აქტივისტები, თბილისში ჯერ პარლამენტის შენობასთან, შემდეგ კი სამთავრობო კანცელარიასთან გამოხატეს საკუთარი პროტესტი მუხთარლის გატაცების გამოუძიებელ საქმეზე.
მოქალაქეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: “Free Afgan”, “Journalism in not a crime”; “Ivanishvili + Aliyev =SOCARtvelo”;
“აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რაიმეს მოთხოვნას აზრი რომ არ აქვს, ყველამ ვიცით. აქ კი იმიტომ ვართ, რომ 2 წლის შემდეგ შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, გვითხრას, რა გარემოებებში მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება. აზერბაიჯანის ხელისუფლება და კომპანია”სოკარი” არ უნდა აკონტროლებდნენ და კარნახობდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რა გააკეთოს და რა არა, და მის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ”, – ამბობს რაგიმ შალიევი, ჟურნალისტი აზერბაიჯანიდან, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს დღეს საქართველოში არსებული არასამთავრობო უფლებადამველი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.
NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს.