ახალი ამბები

NGO-ები: მუხთარლის გატაცებაზე ორი წელია გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს

29 მაისი, 2019 •
NGO-ები: მუხთარლის გატაცებაზე ორი წელია გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს

თბილისიდან აზერბაიჯენელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებიდან 2 წლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს, მუხთარლის გატაცების ეფექტიანი გამოძიებისთვის ყველა საჭირო ზომა გაატარონ, დამნაშავე პირები გამოავლინონ და დასაჯონ.

ჟურნალისტი თბილისიდან 2 წლის წინ, 29 მაისს გაუჩინარდა. იგი დღემდე სასჯელს იხდის აზერბაიჯანის ციხეში, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს.

“პასუხგაუცემელია აფგანის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის, აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ოცდაათზე მეტი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა.

ამჟამად მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ”, – აცხადებენ განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები შეეხება როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე, ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას:

“აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო იმიჯისათვის. მუხთარლის საქმის გარშემო შეკითხვები რჩებათ საქართველოს პარტნიორებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო; ასევე, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება საქართველოსთვის ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიერტირებული სახელმწიფოს იმიჯს, მაშინ როცა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტურად ჩატარების შემთხვევაში ეს დამატებითი ზიანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტური გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის
    ცენტრი (GCRT)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSF)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მასალების გადაბეჭდვის წესი