ახალი ამბები

პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

29 მაისი, 2019 • 1406
პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს შეისწავლის, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ინიცირებული.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი