ახალი ამბები

ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება – გვენეტაძე ლარის კურსზე საუბრობს

29 მაისი, 2019 •
ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება – გვენეტაძე ლარის კურსზე საუბრობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კომენტარი გააკეთა დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია სრული სურათის დანახვა, თუ რამ გამოიწვია ეს პროცესი.

“გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათ უმრავლესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვალუტის კურსის დინამიკის ახსნა, რის გამოც ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ ხოლმე.

დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს: [ეკონომიკის] ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, თუმცა ამ ეტაპზე სრული სურათის დანახვა, იმის გამო, რომ საგადასახადო ბალანსი მოგვიანებით იქნება ცნობილი, შეუძლებელია.

მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ ზოგადად დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს. დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია. ამავე დროს, ლირის გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლო 3 წლის ინფორმაციას, რამდენიმე არის და თვალშისაცემია, რომ ასე ხდება ხოლმე.

მნიშნელოვანია, რომ შევხედოთ, რა ხდება რეზერვების მიმართულებით. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანრგძლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა ადეკვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში  რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას იმაზე, რომ რეზერვები გაიზარდოს, გამყარების პერიოდში ჩვენ ვყიდულობდით ხოლმე რეზერვებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას”, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ინფლაცია, მისი თქმით, ზომიერ ფარგლებშია, აპრილის მდგომარეობით 4.1 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარს მიაღწია. ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც. 1 ევრო 3.1182 ლარი ღირს.

ეს არის ლარის ისტორიაში გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი.

ბოლო 7 დღეა დოლარის მიმართ ლარის კურსი ეცემა. გუშინ, 28 მაისს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან 2.7811 იყო, 29 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით კი 1 დოლარის ღირებულება კიდევ 0.0009 ლარით გაიზარდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.7876-ს მიაღწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი