ახალი ამბები

უკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას — კობახიძე

29 მაისი, 2019 • 1365
უკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას — კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ურჩევს მიხეილ სააკაშვილს რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას, თუმცა, მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ამან „ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს“.

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს — საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს — 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და უკრაინაში ხვალვე, ანუ 29 მაისს, დღის მეორე ნახევარში ჩაფრენის პირობა დადო. იქვე დასძინა: „კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის საქართველოზე და უკრაინაზე“.

ირაკლი კობახიძემ იმავე საღამოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად არის საქართველოს მეგობარი. შესაბამისად, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ამან [სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნამ] გავლენა არ უნდა იქონიოს. თუმცა მე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ვიცით, როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინა შემთხვევაში, რა იყო ამის შედეგი. შედეგი ამ შემთხვევაშიც იქნება იგივე, როდესაც საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე პოზიციაზე. ბუნებრივია, შედეგი არის ყველა შემთხვევაში გარდაუვალი, უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია აქ მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი