ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ იქნება აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი კანდიდატი?

28 მაისი, 2019 • 1915
ვინ იქნება აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი კანდიდატი?

მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს, 28 მაისს, 25-ით 5-ის წინააღმდეგ, 2019 წლის 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირა.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 25 ივნისს დაიწყება და ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება, ზუსტად მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გამორჩეულ ოპოზიციის წევრსა და პარლამენტის დეპუტატს, დიმიტრი დბარს 35 წელი უსრულდება. აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ პარლამენტთან ბოლოდროინდელი მიტინგებიც სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ დბარის სასარგებლოდ გადაწეულიყო არჩევნების თარიღი, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის საკითხის ირგვლივ გამოსვლები კი მხოლოდ საბაბი იყო.

აფხაზ პოლიტიკოსებს,  როგორც ჩანს, უკვე არ აინტერესებთ ბჟანიას და მისი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგანაც აღარავინ ითხოვს პროკურატურისგან საკითხის “დაუყოვნებლივ გამოძიებას” და “შედეგების გასაჯაროებას”.

ექიმების, კერძოდ, ნევროლოგ ნარა ივანბას განცხადებით, აფხაზური ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი, მას სექტემბრამდე არ მისცემს საწოლიდან წამოდგომის საშუალებას.

არჩევნების გადადების მოთხოვნით აქტიურად გამოდიოდა დეპუტატი ალმას ჯოპუა, რომელიც ასევე ღიად აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. თუმცა დღევანდელ გადაწყვეტილებას ჯოპუამ  პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა. მისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საერთო საქმე” გამოვიდა ულტიმატუმით, რომ “საერთო საქმის” წევრებმა მოითხოვეს ოპოზიციისგან, ასლან ბჟანიას გარდა სხვა კანდიდატი არ დაასახელონ.

ოპოზიციური ძალების ბლოკში ორი დღის შემდეგ გვიპასუხეს, რომ ვერაფერს შეჰპირდებიან და თუ ასლან ბჟანია არ გამოკეთდება კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდში, მათ უფლება აქვთ, სხვა კანდიდატი წარადგინონ.

ამასობაში კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი ასტამურ ოტირბა გამოჩნდა, რომელიც წინა წლებში სახელმწიფო კომპანია “აფხაზჩაის” ხელმძღვანელობდა. კომპანიამ სწორედ მისი მმართველობის დროს შეწყვიტა საქმიანობა.

ასევე, პუბლიკა ჯერ კიდევ ელის კანდიდატს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი დაუჭერს მხარს, ვინაიდან დღეს მისი აზრი ავტორიტეტულად მიიჩნევა. კულუარებში განიხილავენ, რომ ანქვაბი დიმიტრი დბარს დაუჭერს მხარს. დბარი მისი ნათესავია – დისშვილის ქმარი. ამავე დროს, პოლიტიკურ წრეებში დბარისა და ანქვაბის დაძაბულ ურთიერთობებზეც საუბრობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია 21 ივლისის ნაცვლად 23 ნოემბერს მოითხოვდა. საბოლოოდ, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და არჩევნები 25 აგვისტოს დანიშნა, რაც დღეს დე ფაქტო პარლამენტმა კენჭისყრით დაადასტურა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობდა. ასევე, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვდნენ.

 

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი