ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

17 მაისი, 2019 • 2623
ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

21 მაისიდან აფხაზეთში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია იწყება, თუმცა უკვე მიმდინარეობს აგიტაცია, ელექტორატთან მუშაობა და სავარძლისთვის ბრძოლა.

ასლან ბჟანია

სანამ ოპოზიციის ლიდერი და ფავორიტი კანდიდატი ასლან ბჟანია მოსკოვში გაურკვეველი დიაგნოზით მკურნალობს [ზოგიერთი შესაძლო მოწამვლაზე, ჯანდაცვის მინისტრი კი პნევმონიის დიაგნოზზე საუბრობს], მისი მხარდამჭერები ხელისუფლებას მასობრივი საპროტესტო აქციებით ემუქრებიან.

“იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანიას აფხაზეთში დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში დარეგისტრირებას რიამე ხელს შეუშლის, ქუჩაში გავალთ. გყვავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ასლან გრიგორის ძე და სამართლიანობა დაიცვან”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი დბარმა, ეროვნული კრების დეპუტატმა და გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ბლოკის წევრმა.

ბჟანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით 16 მაისს განცხადება გაავრცელა აფხაზეთში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებრივმა წრემაც, რომელსაც რამდენიმე ათეული მოქალაქე აწერს ხელს. განცხადებაში, სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად, ნათქვამია, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სისხლის სამართლის გამოძიება ბჟანიასა და მისი დაცვის წევრების შესაძლო მოწამვლის ფაქტზე.

ბოლო ინფორმაციით, ასლან ბჟანია უახლოეს დღეებში სამკურნალოდ გერმანიაში მიემგზავრება.

[red_box]რაულ ხაჯიმბა[/red_box]

ამჟამინდელ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ჯერ არ განუცხადებია, ოფიციალურად აპირებს თუ არა კვლავ კენჭი იყაროს საპრეზიდენტო პოსტზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მის შტაბს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის [КВН] ყოფილი მონაწილე აფხაზეთიდან, დღეს კი ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, თემურ კვეკვესკირი უხელმძღვანელებს.

[blue_box]ალმას ჯოპუა[/blue_box]

ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა პრეზიდენტობის სურვილი უკვე გამოთქვა ეროვნული კრების დეპუტატმა ალმას ჯოპუამ. ის არის ენერგეტიკასა და ნავთობმოპოვების სფეროებში საპარლამენტო გამოძიებების ინიციატორი. ღიად გამოდის განცხადებებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის წინააღმდეგ.

ალმას ჯოპუას საპრეზიდენტო ამბიციები ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის გადადგომის შემდეგ.

თუმცა იმ პერიოდში არ მიემხრო არცერთ პოლიტიკურ ძალას და მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში დეპუტატის არჩევნებში მიიღო.

[gray_box]შამილ არძინბა[/gray_box]

საპრეზიდენტო რბოლაში ჩართულია ასევე შამილ არძინბა, ხაჯიმბას ხელისუფლებაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სადეპუტატო სავარძლის გამო გადადგა. არჩევნები ეროვნულ კრებაში წააგო, თუმცა საპრეზიდენტო პერსპექტივას საკუთარი თავისთვის მაინც ხედავს.

“დღეს აფხაზეთი, ისე როგორც არასდროს, საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობით ვანაცვლებთ სახელმწიფოს მშენებლობას”, – განაცხადა არძინბამ ერთ-ერთ უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი ვალდებულებების მიმართ.

[yellow_box]ლეონიდ ძაპშპა[/yellow_box]

ლეონიდ ძაპშპა, რომელიც ომის შემდეგ აფხაზეთის შს მინისტრი, ასევე, საგადასახადო სტრუქტურის უფროსი და საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტი იყო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მესამედ მიიღებს. ამომრჩეველთან აქცენტს კი ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლაზე აკეთებს.

ასტამურ ტარბა

ასტამურ ტარბამ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსმა, ასევე გაახმიანა საკუთარი სურვილი – გახდეს პრეზინდენტი. ის თავს დამოუკიდებელ კანდიდატად პოზიციონირებს. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მას რაულ ხაჯიმბათი იმედგაცრუებული არძინბას კლანის ახლობლები უჭერენ მხარს, რომლებიც აფხაზეთში გავლენების შენარჩუნებას ცდილობენ.

ასტამურ ტარბა აუცილებელ მასშტაბურ რეფორმებზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ უნდა მოხდეს უწყებების შერწყმა, სამინისტროების, კომიტეტების, სახელმწიფო უწყებების რაოდენობის შემცირება და საკადრო რესურსების გაერთიანება.

მისი შტაბი უკვე აქტიურად ავრცელებს ფეისბუკზე ნაწყვეტებს კანდიდატის პროგრამის ვიდეორგოლიდან .

[red_box]ადგურ ხარაზია[/red_box]

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტობის სურვილი სოხუმის მერს ადგურ ხარაზიასაც აქვს, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. ამავე დროს, არსებობს ინფორმაციაც, რომ ის აქტიურად ეძებს იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც მიემხრობა და მხარდაჭერა ექნება მერის პოსტის შესანარჩუნელად.

[blue_box]ასტამურ კაკალია[/blue_box]

პოლიტიკურ ქულებს იწერენ, ასევე, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერები. მაგალითად, ასტამურ კაკალია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის “მე-20 მუხლის რატიფიცირებისა და კადრების კონკურსით შერჩევისთვის” ლიდერია. ის საპარლამენტო მოსმენების დროს გამოდის მოთხოვნით, უახლოეს სესიაზე გაიტანოს დეპუტატების შემოსავლების, ხარჯებისა და უძრავი ქონების დეკლარირების შესახებ კანონპროექტი. ასევე, ძალიან აქტიურია ფეისბუკის აფხაზ მომხმარებლებს შორის.

ადგილობრივ ტელევიზია abaza.tv-სთან ინტერვიუში მან ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას, თუმცა, თუ 2014 წელს გავიხსენებთ, როდესაც ასლან ბჟანიაც ამტკიცებდა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები არ აქვს, ორი კვირის შემდეგ კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად დარეგისტრირდა, პოლიტიკოსების მიმართ მსგავსი რწმენა მაშინვე გაქრება.

[yellow_box]რობერტ არშბა[/yellow_box]

არსებობს მოსაზრება, რომ 21 მაისს საპრეზიდენტო რბოლას აფხაზეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი რობერტ არშბაც შეუერთდება. ბოლო პრესკონფერენციაზე მისი უწყების საქმიანობის ანგარიშის შესახებ საკმაოდ ღიად ისაუბრა სამინისტროებში, პარლამენტში და თვით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში მიმდინარე ფინანსური დარღვევების შესახებ. მან თამამად განაცხადა, რომ ყველა შემთხვევაზე სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული. ამავე დროს, ხელისუფლების საქმიანობაზე საკუთარი მოსაზრებებიც გაახმიანა.

აფხაზურ საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ალექსანდრ ანქვაბი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2014 წელს საპროტესტო აქციების დროს გადადგა და ამჟამად ეროვნული კრების დეპუტატია, სწორედ მას დაუჭერს მხარს.

სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ანქვაბს რუხ კარდინალად მოიხსენიებდნენ. შესაბამისად, დღესაც მის საქმიანობას ხელისუფლება აკვირდება, რადგანაც კანდიდატი, რომელსაც ანქვაბი დაუჭერს მხარს, საპრეზიდენტო რბოლის ფავორიტი გახდება.

რუსეთის როლს ამ რბოლაში დღეს აფხაზეთში არ განიხილავენ, რადგანაც წინა წლების საარჩევნო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსკოვის აზრი სოხუმში [ცხინვალისგან განსხვავებით] ნაკლებად აინტერესებთ. პრინციპში, მოსკოვისთვისაც სულერთია, ვინ უხელმძღვანელებს აფხაზეთს, რადგანაც ჯერ არცერთ პოლიტიკოსს 2008 წლის შემდეგ აღებული საგარეო კურსისთვის განცხადებების დონეზეც კი არ გადაუხვევია ღიად.


მასალების გადაბეჭდვის წესი