ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საპატრნიორო ფონდის პროექტებზე თვეების განმავლობაში ხელს იმიტომ არ აწერდა, რომ პროექტები არ მოსწონდა.
ქობულია კონკრეტულ პროექტს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ მაგალითად, სასტუმროები სახელმწიფოს ფულით არ უნდა შენდებოდეს.
ქობულიას მტკიცებით, მისი მინისტრობის პერიოდში ფონდის საქმიანობაზე და მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ანგარიში მოამზადეს, რომელიც საპარტნიორო ფონდსაც გაეგზავნა. ქობულიას თქმითვე, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე პროექტებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს მუდმივად აფიქსირებდა.
“ფონდის ეფექტურობა საკმაოდ ნეგატიურია. ამას იმ ღრმა და დეტალური ანალიზის საფუძველზე ვამბობ, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში მომზადდა. ფონდის საქმიანობის შეფასება დოკუმენტირებული იყო და თუ ვინმეს აინტერესებს, ალბათ, შესაძლებელია ამ დოკუმენტის სამინისტროსგან გამოთხოვა. ბუნებრივია, საპარტნიორო ფონდის ეფექტურობა დავით საგანელიძესთან მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული და როცა მე ვსაუბრობდი ფონდის არაეფექტურობაზე, აქ მხოლოდ ბატონ დავითს [საგანელიძეს] არ ვგულისხმობდი. დიახ, როცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი, ხელს არ ვაწერდი და ვაჭიანურებდი ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რადგან ის პროექტები არ ვარგოდა. შესაბამისად, ხელმოსაწერიც არ იყო. ძირითადი პროექტები, რაც საპარტნიორო ფონდს პორტფელში აქვს, ძირითად ნაწილში არ ვარგა. მათი უმეტესობა წამგებიანია”,-ამბობს ქობულია.
ნეტგაზეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, გვინდოდა გაგვეგო, მართლაც მომზადდა თუ არა ქობულიას მინისტრობის პერიოდში საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ანგარიში და იყო თუ არა ეს დოკუმენტი საჯარო. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზოგადად მსგავსი “სამუშაო დოკუმენტები” საჯარო არ არის და მართლაც არსებობს თუ არა ასეთი ანგარიში, ამაზეც ვერ გაგვცემენ პასუხს.
გუშინ, 27 მაისს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას დავით საგანელიძემ გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლო უწოდა. ამის მიზეზად კი იმ პროექტების დაფინანსების საკითხი დაასახელა, რომლის ხელმოწერის თხოვნით საპარტნიორო ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ივლისში მიმართა, ხოლო ქობულიამ ხელი 2019 წლის თებერვალში მოაწერა. კომიტეტის სხდომაზე საგანელიძემ ქობულიას მიერ გაჭიანურებულ ერთ-ერთ ასეთ პროექტად რუხის სავაჭრო ცენტრი დაასახელა.
წესდების მიხედვით, საპარტნიორო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას შემდეგ სექტორებში ახორციელებს: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. სახელმწიფო ფონდის თანამონაწილეობით აშენდა ლოპოტა სპა რეზორტი; სასტუმრო რედისონი წინანდალში; სასტუმრო „Best Western Kutaisi“ და სხვა.
ფონდში არსებობს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. საბჭოს მთავარი ფუნქციაა საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ. ამასთან, განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი.