ახალი ამბები

მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავლი – სააკაშვილი

28 მაისი, 2019 • 1674
მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავლი – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა აქვს შეფარდებული, უცხოეთიდან ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში დავითგარეჯის საკითხის მოგვარებაში შუამავლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

“მე თვითონ მზად ვარ, ამ მთავრობის პირობებშიც კი ჩავერთო მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე მაქვს კავშირები აზერბაიჯანში. მე მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავლი და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი, იმიტომ, რომ ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლია და ხალხი “სწორად არის შეშფოთებული”.

მიხეილ სააკაშვილი დავითგარეჯის კრიზისის შექმნაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ეს ყველაფერი, რაც ხდება, უნდა დავინახოთ კონტექსტში და მე მინდა თითოეულმა ჩვენგანმა ვკითხოთ ჩვენს თავს: მიხეილ სააკაშვილის, ანუ ჩემს დროს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ასეთი რამე საერთოდ განვითარებულიყო საქართველოში? რა თქმა უნდა, არა. რატომ არ იყო შესაძლებელი? მარტივი მიზეზის გამო: საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ზოგ შემთხვევაში ამას ახერხებს. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს და სხვამ როგორ უნდა გცეს პატივი? ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ აზერბაიჯანთან გვქიონდა ძალიან ძმური, ახლო თანამშრომლობის ურთიერთობა. იცით, რატომ? არასოდეს არაფერს არ ვთხოვდით საკუთარ ჯიბეში და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ის ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი პირადი სარგებლის გამო აზერბაიჯანს ართმევენ ფულს, რის გამოც აზერბაჯანის ხელისუფლება ივანიშვილს პატივს არ სცემს.

“როდესაც შენ სთხოვ ფულს შენს მეზობელს ჯიბეში, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის მეზობელი აკეთებს იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს”, – ამბობს სააკაშვილი. მისი მოსაზრებით, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები და ორ ხალხს შორის დაპირისპირება არ უნდა წარმოიქმნას.

მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს 2005 წლის ენერგოკრიზისისა და 2008 წლის რუსეთთან ომის დროს.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი