ახალი ამბები

ალასანია: არავითარი ვალდებულება არ მაქვს ივანიშვილის მიმართ

14 ნოემბერი, 2014 • • 2957
ალასანია: არავითარი ვალდებულება არ მაქვს ივანიშვილის მიმართ

“მე არავითარი ვალდებულება არავის მიმართ არ მაქვს, არც ივანიშვილის მიმართ” – ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “რეაქციის” ეთერში გააკეთა.

 
“ქვეყანაში რაც არ უნდა დიდი წვლილი გქონდეს შეტანილი გარკვეულ საკითხებში, მთავარი ამოცანა ინსტიტუტების გაძლიერებაა და ამაზე დღეს პრეზიდენტმა ისაუბრა. იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ამ ბრძოლაში შევედით, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ პოლიტიკისგან გავმიჯნოთ უშიშროება და გავმიჯნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ ჩვენ ძალიან უკომპრომისო ოპოზიცია ვიქნებით, გვსურს ჩავაბაროთ წარსულს პოლიტიკა, როდესაც შენი ოპონენტი შენი მტერია და ტალახი უნდა ესროლო. ეს საზოგადოებას ამოუვიდა ყელში.”- აღნიშნა ალასანიამ. 

 

ალასანიას განცხადებით, იყო ვარაუდი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის მსგავსად მოიქცეოდა და გადადგებოდა, თუმცა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აცხადებს, რომ ეს ბრძოლიდან გასვლა იქნებოდა:

 

“მე არ მჩვევია ბრძოლიდან გასვლა არასდროს და არაფერშიც. ვარაუდი იყო ალბათ ისიც, რომ მე ანალოგიურ ნაბიჯს გადავდგამდი, როგორიც გადადგა დავით კირვალიძემ. მაგრამ ესეც არასწორი ნაბიჯი ჩავთვალე, ეს იქნებოდა ბრძოლიდან გასვლა. დაინახეს, რომ ღირებულებების ირგვლივ შეკრული ძალა არ დაიშალა და კიდევ უფრო შეიკრა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი/civil.ge-ს ფოტო
ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი/civil.ge-ს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი