ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის თანახმად, იგი სუსტადაა, თავბრუ ესხმის, თავი სტკივა. მდგრადობის დარღვევა აღენიშნება და სითხის დეფიციტი აქვს. „ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია“. ექიმის კომენტარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ექიმის თქმით, პაციენტის სურვილის თანახმად, მას გადასხმას გაუკეთებენ და დღესვე დაბრუნდება აქციაზე.
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ „ვახტურ რეჟიმზე“ მომუშავე მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ (ვახტური რეჟიმი ნიშნავს თვეში 15 დღის განმავლობაში სახლში წაუსვლელად მუშაობას). მოგვიანებით გაფიცვას 3000-ზე მეტი დასაქმებული შეუერთდა.
გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა. ამის ჩათვლით, მათ ოთხი მოთხოვნა აქვთ. დანარჩენი მოთხოვნებია: სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება; მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა; გარანტიები, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.
კომპანია გაფიცულებს ხელფასების ეტაპობრივ, 25%-იან ზრდას სთავაზობს.
დეტალებისთვის გირჩევთ, წაიკითხოთ:
საჭიროების შემთხვევაში ჩავალთ, ამ ეტაპზე კომპანიაც იაზრებს პრობლემას — თურნავა ჭიათურაზე