ახალი ამბები

საჭიროების შემთხვევაში ჩავალთ, ამ ეტაპზე კომპანიაც იაზრებს პრობლემას — თურნავა ჭიათურაზე

26 მაისი, 2019 • 1482
საჭიროების შემთხვევაში ჩავალთ, ამ ეტაპზე კომპანიაც იაზრებს პრობლემას — თურნავა ჭიათურაზე

„საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შემოთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჭიათურაში მასობრივ გაფიცვას.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ „ვახტურ რეჟიმზე“ მომუშავე მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ (ვახტური რეჟიმი ნიშნავს თვეში 15 დღის განმავლობაში სახლში წაუსვლელად მუშაობას). მოგვიანებით გაფიცვას 3000-ზე მეტი დასაქმებული შეუერთდა.

თურნავას თანახმადვე, სამინისტრო ჩართულია ჭიათურაში მიმდინარე შრომით დავაში. „მედიაცია დაწყებულია პირველივე დღიდან და სახელმწიფო წარმოდგენილია შრომის ინსპექციით“. მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი ავრცელებს.

თურნავას თქმით, სამინისტროსთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაღაროელების უფლებები ცალსახად დაცული იყოს, მათ ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანდაცვის მაღალი სტანდარტის შესატყვისი შრომის პირობები და ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული“. მინისტრმა თქვა, რომ კომპანიას შეთავაზებული აქვს „შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება“ და „ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე ერთ მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია“.

„პირველ რიგში, თავად ბიზნესს, კომპანიას — რომელსაც ყველაზე მეტად ექმნება პრობლემა, რადგან ბიზნესი პრაქტიკულად, გაჩერებულია და ზარალობენ — უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაიაზროს ეს პრობლემა და ნორმალური, ღირსეული შემოთავაზება გაუკეთოს თავის თანამშრომლებს. ეს პირველ რიგში, მათ ინტერესშია“, — განაცხადა თურნავამ.

მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ჭიათურაში „საჭიროების შემთხვევაში“ ჩავლენ, ამ ეტაპზე კი „თავად კომპანია იაზრებს პრობლემას“, თურნავამ დასძინა: „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თვითონ მაღაროელებიც, როგორც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ პროცესს, ახლაც პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში”.

გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა. ამის ჩათვლით, მათ ოთხი მოთხოვნა აქვთ. დანარჩენი მოთხოვნებია: სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება; მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა; გარანტიები, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.

კომპანიის პასუხი

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია“ და უახლოეს მომავალში ისინი აღარ გადაადგილდებიან ქალაქში. მისი თქმით, უკვე დაწყებულია სარკინიგზო საწყობის მშენებლობა. ჩიქოვანის თანახმადვე, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კომპანიამ გაფიცვის პირველივე დღეს დადო.

კომპანიის ცნობით, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი, შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 1002 ლარია, საიდანაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების – 924 ლარი. სახელფასო ფონდი 3,14 მილიონ ლარზე მეტია;

„ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტის და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია; „ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება ჯამში 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება“, — წერს კომპანია ერთ-ერთ მოთხოვნაზე პასუხად.

კომპანიის პოზიციით, მათ არაერთხელ სცადეს მოლაპარაკება, თუმცა „დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც უარი განაცხადეს“. „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცვას უკანონოს უწოდებს: „მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო. წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში“.

„არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი