ახალი ამბები

მწვანეებისა და ლეიბორისტების მოულოდნელი წარმატება – ეგზიტპოლები EU-ს არჩევნებზე

25 მაისი, 2019 •
მწვანეებისა და ლეიბორისტების მოულოდნელი წარმატება – ეგზიტპოლები EU-ს არჩევნებზე

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დასრულდა. მათ შორისაა ნიდერლანდები, სადაც ეგზიტპოლების თანახმად, ლეიბორისტები ლიდერობენ, ირლანდიაში კი მწვანეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

ნიდერლანდებში, ეგზიტპოლის მოულოდნელი შედეგის თანახმად, ლეიბორისტული პარტია პირველ პოზიციაზეა, 18%-ით. ასე მან 2014 წლის არჩევნების შედეგი გააორმაგა.

ლეიბორისტებს 15%-ით მოსდევს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის “სახალხო პარტია დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის”, მესამე ადგილზე კი ევროსკეპტიკური, პოპულისტური პარტიაა, სახელწოდებით “ფორუმი დემოკრატიისთვის”, რომელიც 11%-ს სჯერდება.

შედეგი მოზეიმე ლეიბორისტებისათვისა და სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან წინასწარი გამოკითხვების მონაცემებით, ამომრჩეველთა შორის ზემოხსენებული ევროსკეპტიკური პარტია ლიდერობდა, ლეიბორისტები კი მესამე ადგილს იკავებდნენ.

ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შედეგი მოულოდნელობით სავსე აღმოჩნდა ირლანდიაშიც: ეგზიტპოლის შედეგებით, ქვეყნის მწვანეთა პარტია ევროპარლამენტში პირველად მიიღებს ადგილებს 2001 წლის შემდეგ.

ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია Fine Gael პირველ პოზიციაზეა, შემდგომ კი მას ლიბერალური ოპოზიციური პარტია Fianna Fáil მოსდევს. მწვანეთა პარტია მეოთხე პოზიციას სჯერდება.

“ევრონიუსის” თანახმად, თუ 2014 წელს მწვანეებმა 4.9% მიიღეს, ახლა მათ 14.8%-ს უწინასწარმეტყველებენ, რაც ევროპარლამენტში ირლანდიისათვის გამოყოფილი 13 ადგილიდან 3-ს უტოლდება. ეს უმაღლესი შედეგია 1981 წლის შემდეგ.

ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნები 23 მაისს დაიწყო. 25 მაისს საარჩევნო უბნები ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა. ხმის მიცემა მეორე დღეა მიმდინარეობს ჩეხეთში. არჩევნები უკვე ჩატარდა ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში ეზიტპოლი არ ჩატარებულა. არჩევნები კვირას 26 მაისს სრულდება, საბოლოო შედეგები კი 27 მაისს გახდება ცნობილი.

რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი