ე.წ. კაბელების და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი დაწინაურდა. დღეს ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში დანიშნა უვადოდ, მანამდე ბუგიანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს გაიმართა. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე 72 განაცხადი იყო წარდგენილი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან 29 – უვადოდ. დანარჩენ ვაკანსიებზე კი ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესა და “ციანიდის საქმეზე” გამამტყუნებელი განაჩენები სწორედ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა.
ბუგიანიშვილის ბიოგრაფია - დააკლიკეთ
დაიბადა 1980 წლის 7 აპრილს ქ. თბილისში
1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 174-ე საშუალო სკოლა
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2003-2004 წლებში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
2006 წლის 7 ოქტომბერს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში წამყვან სპეციალისტად.
2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.
2008 წლის პირველი დეკემბრიდან 2010 წლის 19 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად.
2009-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2012 წლის 19 მაისიდან მივლინებულ იქნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, ამავე წლის 25 ივნისიდან დაევალა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2012 წლის 14 ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
კაბელების საქმე
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს მოსამართლე ბუგიანიშვილმა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულებს ჯერ სააპელაციო სასამართლომ შეუმცირა სასჯელი, როდესაც მუხლი გადაუკვალიფიცირა, ხოლო შემდეგ, 2017 წელს -პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შემდეგი არგუმენტაციის საფუძველზე:
“სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.
პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”.
თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეა.
- პრეზიდენტის შეწყალებამდე, 2016 წლის 26 იანვარს, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულები შეწყალების გარეშე საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებდნენ;
- სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი წარდგენილი მუხლი [გაფლანგვა] სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია. გადაკვალიფიცირებული მუხლით თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრათ, თუმცა, რადგანაც ისინი 1 წელი და 4 თვე უკვე დაკავებული არიან, პატიმრობის რეალური ვადა 2 თვემდე შემცირდა;
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან 8 თვის შემდეგ გაათავისუფლეს;
- ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 2016 წლის 16 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბუგიანიშვილმა ისინი დამნაშავეებად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში.
2014 წელს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, თავდაცვის მინისტრი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.
მაღალჩინოსნების დაკავებიდან 6 დღის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს, მან “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე ისაუბრა.
“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”.
იმავე დღესვე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. მინისტრების პოსტები დატოვეს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებმაც.
ამის შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ .
ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” ამის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. ისინი მათ პატიმრობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე ” უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი” იყო, ხოლო “დაკავებული პირები – უდანაშაულოები”.
“სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
ე.წ კაბელების საქმეზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ციანიდის საქმე
5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საბოლოოდ, ბუგიანიშვილის განაჩენით, სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა ბრალდება სსლ 18-108-ე მუხლზე და, შესაბამისად, დეკანოზი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო.
დეკანოზის მამალაძის სასამართლო პროცესი გააკრიტიკა მაშინდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული განაჩენით “დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა”.
სახალხო დამცველი დეკანოზის საქმეზე: მართლმსაჯულება არ აღსრულდა