“მე მინდა ცალსახად ვთქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, ამ უწყებამ პირველი შეტევა განახორციელა თავდაცვის სამინისტროზე მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში, ხოლო მეორე საქმის გამოძიებაზე განაცხადა დღეს, როცა გაერთიანებული შტაბის უფროსი ვიზიტით იმყოფება აშშ-ში.
ალასანიას თქმით, საეჭვოა ის გარემოება, თუ რატომ აქვთ პატიმრობა შეფარდებული მის თანამშრომლებს მაშინ, როდესაც ისინი არ აპირებდნენ მიმალვას და მაღალი თანამდებობის პირები უდგებოდნენ თავდებად.
“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ამის გამო მიმართავს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს, შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ, თუ საით მიყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა?
“პოლიტსაბჭოს მივმართავ, ვიმსჯელოთ, თუ საითკენ მიყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა? – ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე და იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის თავისი წარმატებით ამ გზაზე. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორისა ვარ, მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან… ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაწყებულ საქმეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.
8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატები” მართავენ ყრილობას, სადაც დაგეგმილია ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულია სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, ხოლო ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის საქმეზე ბრალდებულია სამინისტროს 6 მაღალჩინოსანი. მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.