ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი ლიდერობს – კვლევა

24 მაისი, 2019 • 4392
2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი ლიდერობს – კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) კვლევით, 2014 წლიდან 2018 წლამდე რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა და გასულ წელს საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

TI-ის კვლევით, იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. ამავე კვლევით, 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.

კვლევის ავტორის, ბესო ნამჩავაძის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ რუსეთიდან შემოსული საწვავის წილი ძალიან სწრაფად იზრდება:

უნდა ვცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, მით უმეტეს, ასეთი სტრატეგიული პროდუქტით არ უნდა სარგებლობდნენ ქართული ბაზრით რუსული კომპანიები. რაც მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთი საქართველოსგან, ცუდია. ჩვენ გვაქვს რუსეთთან ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი – გადის ქართული პროდუქციაც, მაგრამ ორჯერ და სამჯერ მეტი შემოდის რუსეთიდან. ჯამში, საქართველო-რუსეთის ვაჭრობაში უფრო მეტ ფულს რუსეთი შოულობს, ვიდრე საქართველო, მათ შორის, საწვავის გამო”.

კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, კერძოდ – ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყანაში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია. საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე.

TI-ის სხვა მიგნებები

საწვავის ხარისხი

ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას – 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა. ყველა შესწავლილი ნიმუში შეესაბამებოდა სტანდარტებს, ერთის გარდა. „ბპ ოილის” სახელით მოქმედ ბენზინგასამართ სადგურზე აღებულ პრემიუმის საწვავში დარღვეული იყო ოქტანობის მაჩვენებელი

საწვავის ფასები

საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად დამოკიდებული იყო ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე. ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა).

საბიუჯეტო შემოსავლები

საავტომობილო საწვავის ბიზნესი სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. 2018 წელს ამ ბიზნესიდან ბიუჯეტი 1.3 მლრდ ლარით შეივსო, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების მეათედია.

საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობის ბრუნვამ 2017 წელს 3 მლრდ ლარს გადააჭარბა, 2018 წლის 9 თვეში კი – 2.5 მლრდ ლარამდე იყო. საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობაში 10 050 ადამიანია დასაქმებული და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთილმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ფლობს ავტომობილს. ყველაზე დიდი ნაწილი „რომპეტროლის“ (16%) საწვავს მოიხმარს, მეორე-მესამე ადგილზე „გალფი“ და „სოკარია“ 14-14%-ით. საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი – ხარისხს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციების კვლევის პრეზენტაცია 24 მაისს გამართა.

სრული დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი