საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს დავითგარეჯასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს.
დეკანოზი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული.
“აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს მოლაპარაკების პროცესს. იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული,”-წერს Facebook-ზე დეკანოზი.
დღეს, 23 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ; მანამდე კი ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.
საუბარია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიჩხიტურის მონასტერზე, სადაც ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა გამოჰყავდა.
მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გააკეთა. დარსალია, რომელიც ბაქოში იმყოფება, სადაც ხვალ, 24 მაისს აზერბაიჯანულ მხარესთან დავითგარეჯის საკითხზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, ამბობს, რომ საკითხზე დამატებით ინფორმაციას ელოდება.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა აზერბაიჯანის კონტროლირებად მხარეს, თუმცა მოვითხოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ერთი, რაც ცალსახად შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ ამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და არანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ან თუნდაც სადავო ტერიტორიაზე, საქართველოს თანხმობის გარეშე, ცალსახად ვერ განხორციელდება. ვნახოთ, დაველოდოთ, რა დეტალები გახდება ცნობილი,”-აცხადებს ლაშა დარსალია.