შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება.
“სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 23 მაისს წყალტუბოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ახლობლები რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ედიშერ მუშკუდიანს და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეს თავს დაესხნენ. ჟურნალისტს თვალი აქვს დაზიანებული და ცხვირი გატეხილი.
სამაუწყებლო კომპანიის გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ მოზარდი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც საკუთარი 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ნეტგაზეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ჟურნალისტი და ოპერატორი უკვე აპირებდნენ ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც ისინი რამდენიმე პირმა მოულოდნელად გადმოიყვანეს მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.