საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მას დიალოგი არ ექნება.
ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ჰკითხა, “რას ეტყოდა ბატონ პუტინს?”
“რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება”, – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არის არა გაყინული კონფლიქტები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები.
“გაყინული კონფლიქტები ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე, სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს, და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა, და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ევროკავშირზე ორიენტაციას.
“ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევე გვაქვს ევროპის ძალიან კარგი მაგალითი. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას”, – დასძინა ზურაბიშვილმა.
ესტონურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.