თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, პერსპექტივაში აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებას მხოლოდ მიესალმება.
ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ლევან იზორიამ “ამერიკის ხმას” განუცხადა, თუმცა ამ საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განსხვავებული პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა.
“ჩვენ მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით- სამხედრო სფეროში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენ მიერ გაცხადებული, არამედ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც გაცხადებულია, რომ არასდროს ასეთი მჭიდრო და ყოვლისმომცველი ეს ურთიერთობა არ ყოფილა. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა გაფართოვდეს და მათ შორის, პერსპექტივაში, ჩვენ სამხედრო ბაზების არსებობას მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის.
“ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე:
საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი