გირგვლიანის საქმეზე ჩემს ანგარიშებში მურუსიძის გვარი ვერ ვნახე – სუბარი

მმართველი გუნდის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მოსამართლე ლევან მურუსიძის გვარი ვერ ნახა მისი სახალხო დამცველობის დროინდელ ანგარიშებში, რომლებიც სანდრო გირგვლიანს შეეხებოდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. გადაცემა მთაწმინდის არჩევნებსა და “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, მანამდე კი სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს შეეხებოდა.

სუბარის თქმით, ანგარიშებს გადახედა და  არაერთი მოსამართლე ნახა, რომლებიც სისტემურ შეცდომებთან იყვნენ დაკავშირებული, თუმცა მურუსიძე იქ არ შეხვედრია.

“მე, ყოველი შემთხვევისთვის, გადავხედე ჩემს მოხსენებებს, სახალხო დამცველის. ძალიან ბევრი ამ მოსამართლის გვარი ამ მოხსენებებში ვნახე, მაგრამ არა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ ბოლო დროს, რამდენსაც ვყვირივართ და ამ მოსამართლეების გვარები როცა ვნახე მე, ისინი იყვნენ მართლა იმ სისტემურ შეცდომებთან, სისტემურ არასწორ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული, რომლის შემოქმედი იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც დღეს შალვა შავგულიძე დგას.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, გირგვლიანის საქმეში ასე მგონია, რომ მეც და ჩემი მოხსენებებიც ვართ ერთგვარი მემატიანეებიც კი… იქ იყო ძალიან ბევრი გვარი, მაგრამ ამ კონკრეტული ადამიანის[მურუსიძის] გვარი მე ვერ აღმოვაჩინე და გამორიცხულია, ეს მე გამომეტოვებინა ან გამოეტოვებინათ ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ”, – თქვა მან.

წამყვანის პასუხზე, რომ მურუსიძის მიერ განხილული სხვა არაერთი საქმეა გაგზავნილი სტრასბურგში, სოზარ სუბარმა უპასუხა:

“სტრასბურგში ძალიან ბევრი საქმე შეიძლება იყოს ნებისმიერ ქვეყანაში”.

ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”2011 წელს გამოწვეყნებულ გადაწყვეტილებებში საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”.  გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

თავად ლევან მურუსიძე  აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. ის მიიჩნევს, რომ მაშინ კანონით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან