ახალი ამბები

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პერსპექტივა და შეშფოთება სააკაშვილის გამო, ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში

12 ნოემბერი, 2014 • • 1489
საქართველოს EU-ში გაწევრიანების პერსპექტივა და შეშფოთება სააკაშვილის გამო, ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ანდრეის მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიში და მასში შესატანი ცვლილებების პროექტები.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში, თუმცა ტექსტის მიხედვით, ევროპის პარლამენტი აცხადებს, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია საბოლოო მიზანი არ არის და მისი სრული იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია:

“[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იმ პირობით, რომ დემოკრატიის პრინციპების ერთგულია, პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას”.

 

დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთი ცვლილება და ზემოხსენებულ პუნქტს ეს ტექსტი ემატება: “ევროკავშრმა საქართველოსთან ურთიერთობები მის ევროპულ პერსპექტივაზე დაყრდნობით უნდა განავითაროს”.

ამის შემდეგ ანგარიშის პროექტში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც პოზიტიურადაა შეფასებული, საუბარია ხელშკრულების დღის წესრიგის შემუშავებაზე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს, ტექსტში ვკითხულობთ:

 

“ევროპარლამენტი აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მომზადებას, ასევე (აღნიშნავს) ადამიანის უფლებების დარღვევეის შესახებ ბრალდებების სრულად და კარგად გამოძიების აუცილებლობას კანონის უზენაესობის აღიარების ფარგლებში. აცხადებს, რომ სამართლებრივი დევნის ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისაგან”.

 

ევროპარლამენტის ვებგვერდზე მოცემული მასალების მიხედვით, არაერთმა დეპუტატმა გამოთქვა ტექსტში ცვლილებების შეტანის სურვილი. მაგალითად, დეპუტატები- მარეკ იურეკი, ჩარლს ტანოკი, ანა ელზბიეტა, კაროლ კარსკი, რიშარდ ჩარნეჩკი და რიშარდ ანტონი ლეგუტკო გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ტექსტს ასეთი ჩანაწერი დაემატოს:

 

“[ევროპარლამენტი] ღრმად შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის საფუძველზე, რაც შეთქმულება/ამბოხებას გულისხმობს, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით, რასაც წინ უსწრებდა ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერის დაკავება, ან პასუხისგებაში მიცემა, მათ შორის- გამოძიების დაწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება”.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა სახით მიიღებს ევროპარლამენტი ანგარიშს და დარჩება თუ არა დოკუმენტში ზემოხსენებული ტექსტი, რომელშიც ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირაა მოხსენიებული.


ევროპარლამენტი - EPA/STEPHANIE LECOCQ
ევროპარლამენტი – EPA/STEPHANIE LECOCQ

მასალების გადაბეჭდვის წესი