საკანონდებლო ცვლილებას 77-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი იყო 8. აღნიშნული კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს “სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, რომელიც ასევე პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, მხარი დაუჭირა 75-მა პარლამენტარმა არც ერთის წინააღმდეგ. სესიაზე რეგისტრაცია გაიარა 92-მა პარლამეტარმა.
საკანონმდებლო ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის 2015 წლის 1 მარტამდე საშეღავათო პერიოდის დაწესებას მოიცავს. ამ პერიოდში იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონის მიღების დროს, 1 მარტს, და კანონის ძალაში შესვლის დროს, 1 სექტემბერს, საქართველოში იყვნენ, შეუძლიათ ვიზა და ბინადრობის ნებართვა ქვეყნიდან გაუსვლელად აიღონ.
ვიზას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
კანონპროექტის მიხედვით, სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა 5-დან ათ დღემდე გაიზრდება, ხოლო სპეციალური ბინადრობის ნებართვას თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მიიღებენ.

